მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - სანდრო ბარამიძე ვაკის პარკში მომხდარზე

634a935c6595b
ალა ისპირიან
15.10.22 15:51
933
სისტემური დეზორგანიზაცია, სისტემური კრიზისი და სისტემური დანაშაული, - ასე შეაფასა სამართლის ექსპერტმა სანდრო ბარამიძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რასაც არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე შეეწირა.

როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო, რომ პასუხისმგებელი პირები საკუთარ მოვალეობას კარგად არ ასრულებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.

სანდრო ბარამიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯეროვნად ვერ იმუშავეს, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა.

მისი განცხადებით, პასუხი კალაძემ უნდა აგოს, რადგან აღნიშნული სამსახურები მერს ექვემდებარება.

„როდესაც კალაძე გამოდის და ამბობს, მზად ვარ პასუხი ვაგოო, სინამდვილეში გულისხმობს, რომ როგორც წინა შემთხვევებში არ უგია პასუხი ახლაც არავითარი პასუხისმგებლობა მას არ დაეკისრება. სისტემური დეზორგანიზაცია, სისტემური კრიზისი და სისტემური დანაშაული. ამ კონკრეტულ სიტუაციაში მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შესაბამისად არ იმუშავეს. ანუ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და მერიის მუნიციპალური ინსპექციამ. ორივე ეს სამსახური მერის წინაშეა ანგარიშვალდებული და მერიას ექვემდებარება. მერი ნიშნავს ამ სამსახურების ხელმძღვანელებს. ამ სამსახურებს უნდა შეემოწმებინათ და ჩაებარებინათ ობიექტი და ეთქვათ რამდენად მისაღებია ეს პროექტი.

შეხედეთ რას ამბობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, - კალაძე არა და ვიღაცა ელექტრიკოსი შესაძლოა კი-ო. კი, მაგრამ რატომ კალაძე არა? კალაძე ხელმძღვანელობს მერიას. კალაძეა ზედამხედველი მათ შორის თანამდებობრივად იმ სამსახურების, რომლებსაც უნდა შეემოწმებინათ ჯეროვნად შესრულებული სამუშაოები და როგორც ჩანს არ შეასრულეს.

ჯეროვნად, რომ შეესრულებინათ ამ ტრაგიკულ სიტუაციას ხომ არ მივიღებდით", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ ეს ამბავიც ჩვეულებისამებრ ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვისაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული მიუძღვის, ყველა პასუხს აგებს, მათ შორის თავად მერიც.

ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის რეაბილიტაცია კომპანია "გრინსერვის+"-მა განახორციელა და ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან 6 324 286.07 ლარი აქვს მიღებული, რაც საერთო ღირებულების 49%-ია. მთლიანად ვაკის პარკის განახლების პროექტი 33 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა