მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება - ეროვნული ბანკი

61235eeed209b
BM.GE
23.08.21 13:40
1297
საქართველოს ცენტრალური ბანკის განცხადებით, მიმდინარე წელსაც ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს. სწორედ აღნიშნული რისკების საპასუხოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნებას გეგმავს. ამის შესახებ მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზისო სცენარშია აღნიშნული, რომელიც სებ-მა დღეს გამოაქვეყნა

"საბაზო სცენარში მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლზე მაღლა შენარჩუნდება, რასაც დიდწილად საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და საკვები ნედლეული პროდუქტების ფასების ზრდას დაერთო კომუნალური ხარჯების ზრდიდან მომდინარე დამატებითი ინფლაციური წნეხი. ამასთან, წინა პერიოდებში სუსტი მოთხოვნის დიზინფლაციური ეფექტი ეკონომიკური აქტივობის ზრდის კვალდაკვალ ამოიწურა. შედეგად მიღებულ მაღალ ინფლაციურ გარემოში მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022
წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება.

საბაზო სცენარში მიმდინარე წელსაც ინფლაციის მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნება გრძელვადიანი ინფლაციურ მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე იქნება დამოკიდებული.
მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება"-აღნიშნულია დოკუმენტში. 


შეგახსენებთ, კომიტეტის 4 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკა წელს მიმდინარე დონესთან შედარებით უცვლელი დარჩება, ხოლო მომავალი წლიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 2023 წელს კი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები