საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არაა.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სექტორისთვის გასაკვირი არ იქნება, თუკი ინფლაციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მომდევნო სხდომებზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გადაწყვეტს.
“მაისში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო იყო საჩვენებელი იმ თვალსაზრისით, რომ ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდოს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ არის. რაც შეეხება ზრდასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ კვლავინდებურად ეროვნული ბანკი გააკეთებს იმ მოლოდინებზე და იმ მაჩვენებლებზე აქცენტირებას, რაც არის დღეის მდგომარეობით.
აქვე მინდა ვახსენო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავინდებურად მკაცრ მაჩვენებელზე რჩება და არასდროს არ შემსუბუქებულა ისე, რომ გვეთქვა, ის არის მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ამასთან, მეორე ნაწილი არის, რომ ბაზარზე შეინიშნება მაინც ფასების სხვაობა, ანუ მოკლევადიანი ვალდებულებების ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე უფრო მაღალი არის საპროცენტო მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი გვაქვს. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რაც ექნება იმ კონკრეტული მომენტისთვის, თუმცა არ გაგვიკვირდება, თუ ზრდასაც ვიხილავთ”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ სხდომებზე დადგეს დღის წესრიგში. უტიაშვილის განმარტებით, ინფლაციაზე წნეხი საგარეო ფაქტორებიდან მოდის, რაზეც სებ-ს გავლენა არ აქვს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტს და ინფლაციურ მოლოდინებს აკვირდება.
























