საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ სხდომებზე დადგეს დღის წესრიგში.
მან ინფლაციასა და სებ-ის საპასუხო მონეტარულ პოლიტიკაზე კითხვას "საქმის კურსის" ეთერში უპასუხა.
უტიაშვილის განმარტებით, ინფლაციაზე წნეხი საგარეო ფაქტორებიდან მოდის, რაზეც სებ-ს გავლენა არ აქვს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტს და ინფლაციურ მოლოდინებს აკვირდება.
"პირველ რიგში, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ იქამდეც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გქონდა და ასევე ჩვენ, გაზაფხულის ბოლოს ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით გამკაცრებისკენ - 0,25%-ით გავზარდეთ განაკვეთი. ჩვენ ვიყავით, ალბათ, პირველი და იმ პერიოდში ერთადერთი ცენტრალური ბანკი, ვინც პროაქტიულად ეს ნაბიჯი გადადგა. ამიტომ, გამკაცრებისკენ ჩვენ ნაბიჯები გადადგმული გვაქვს უკვე. უბრალოდ, ბოლო კომიტეტზე ჩვენ ისევ და ისევ ვუყურებთ და გაურკვევლობა იმდენად დიდია, რომ ეს ინფლაცია, რომელიც ნამდვილად მიზნობრივზე მაღალია ამწუთას, ძირითადად მოდის საგარეო ფაქტორებიდან. ეს არის ნავთობი, ეს არის სასაქონლო ნაკადების შეფერხება და ეს, ასე ვთქვათ, გარკვეული ერთჯერადი ფაქტორებია ადგილობრივ ენერგეტიკის სექტორში. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე პირდაპირი გავლენა არ გვაქვს, ანუ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პროცენტების გაზრდა საწვავს გააიაფებს. უბრალოდ, ჩვენი საფრთხე არის ხოლმე, რომ როცა ნავთობი ძვირდება, დროთა განმავლობაში ამას აქვს, ასე ვთქვათ, მეორე რაუნდის ეფექტი, რომ მისი გაძვირება იწვევს ტრანსპორტის გაძვირებას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების გაძვირებას და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების ზრდას.
აქამდე ჩვენ ამას ვერ ვხედავდით, რომ ეს მეორადი ეფექტები ან ინფლაციური მოლოდინები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა ეს რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და, ასე ვთქვათ, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უკვე შემდეგ კომიტეტებზე მოგვიწიოს - ჩვენს პრესრელიზშიც ამას ხაზი გავუსვით.
მაგრამ გაურკვევლობა იმდენად დიდია, ვთქვათ, თუ ნავთობის ფასი 20 დოლარით შემცირდა შემდეგ თვეს, შეიძლება ამან პირიქით, ბევრად მეტი საშუალება მოგვცეს მომავალში პროცენტების შემცირების კუთხით. აქედან გამომდინარე, გაურკვევლობა იმდენად დიდია, რომ ჩვენ მომდევნო ნაბიჯი გასულ კომიტეტზე არ გადავდგით, თუმცა, ისევ და ისევ, ეს შეიძლება იყოს შემდეგი კომიტეტი",- განაცხადა დავით უტიაშვილმა.
8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა მიუთითა, რომ აგვისტოში ინფლაციის 5.8%-მდე ზრდა ძირითადად საგარეო ფაქტორების მიერ, უფრო კონკრეტულად კი საწვავის ფასის ზრდით იყო განპირობებული, ხოლო ინფლაციის სხვა მდგენელების მიმართულებით კი პირიქით სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა ენერგომატარებლების გაძვირებიდან გამომდინარე ინფლაცია გაზრდილია.
























