მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს მნიშვნელოვნად აჭარბებს, არ უნდა გამოვრიცხოთ განაკვეთის ზრდა - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის განახლების ფონზე, ეროვნული ბანკის მხრიდან 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზის ზრდა ადეკვატური ნაბიჯია.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე, ეროვნულ ბანკს მომდევნო პერიოდში შესაძლოა, მაინც მოუწიოს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა.

მისი შეფასებით, ამის საშუალებას მარეგულირებელს საბანკო დაკრედიტების ტემპიც აძლევს, რასაც შენელების ტენდენცია აღარ აქვს.

“ადეკვატურია ინფლაციის პროგნოზის ზრდა, რადგანაც მგონია, რომ ეს კონფლიქტი ნამდვილად არ დასრულდება მალე და შესაბამისად, ამას როგორც დროებით შოკს არ უნდა აფასებდეს ეროვნული ბანკი. შესაბამისად, ადეკვატურია ეს ზომა.

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება ეროვნული ბანკი, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, არ უნდა გამოვრიცხოთ განაკვეთის შემდგომი ზრდაც. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს უკვე მნიშვნელოვნად აჭარბებს და გაზრდილია რისკები, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.

როგორც გვახსოვს, ეროვნული ბანკის ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ინფლაციის ზრდის ტემპი გაგრძელდა, ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს და არ უნდა გამოვრიცხოთ ამ ზომების მიღება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა საბანკო პორტფელის ზრდის ტემპი 14%-ზე და შესაბამისად, ესეც აძლევს ეროვნულ ბანკს მოქმედების არეალის ზრდის შესაძლებლობას, რომ თუნდაც გაზარდოს განაკვეთი. რადგანაც ის კლების ტრენდი, რაც ჰქონდა პორტფელის ზრდას, შეჩერებულია და ამიტომ ესეც აძლევს დამატებით შესაძლებლობას ეროვნულ ბანკს, რომ ინტერვენცია განახორციელოს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა.

ამასთან, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები