12.თებერვალი .2020 12:45

„განვიხილეთ ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმები“ - აშშ-ის ელჩი ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ

views 137
უკან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა, განიხილეს აღნიშნული კუთხით მიმდინარე რეფორმები.
კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც.

ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს პირველი ქვეყანა სადაც С ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება. კელი დეგნანმა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვთანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე შრომით და სოციალურ სფეროში. განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. საქართველო ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს ვირუსზე რეაგირებისთვის. მოხარული ვარ იმით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. პრევენციის კუთხით ძალიან კარგადაა სისტემა აწყობილი, რაც მოქალაქეების დაცვის გარანტიაა. განვიხილეთ ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც გარკვეულწილად მსგავსია იმისა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზეც, რასაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია მოხდეს, როგორც დასაქმებულთა ასევე ბიზნესის ინტერესების დაბალანსება“, - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა