13.ივნისი .2021 17:47

გასული კვირის (7– 12 ივნისი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

გასული კვირის (7– 12 ივნისი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა
views 444
უკან

1. 2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.3%-ით შემცირდა
2. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარე და ხელისუფლება სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდა
3. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევრო დირექტივის ცალკეულ მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
4. მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომელიც სავარაუდო დემპინგის შესახებ განცხადებების შესწავლის წესს განსაზღვრავს
5. 2021-2023 წლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს 450 მილიონი ევროს სესხს და 33 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს
6. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის „მინისტრის საათი“ პარლამენტში
7. რატომ დატოვა ოქროს მომპოვებელმა ბრიტანულმა კომპანია Empire Metals-მა საქართველო
8. 2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს
9. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა
10. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.0% იქნება


1. 2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.3%-ით შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

ინვესტიციების კლების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ 2020 წელს შეჩერებული ეკონომიკური აქტივობები, რისი დასტურიც არის რეინვესტირების მოცულობის შემცირება, თუმცა ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი კოვიდ-19 არ არის და I კვარტლის მიხედვით, ინვესტიციების შემცირების ტენდენცია 2017 წლიდან იწყება.

შაჰ-დენიზის მილსადენის პროექტის დასრულების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა და რეალურად ქვეყანა ვერ/არ იზიდავს მსხვილ ინვესტორებს. დღეს როცა მსხვილი ფინანსური ინვესტორი შემოდის, მას ძირითადად გარიგების დადება უწევს სახელმწიფოსთან, რის გამოც ეჯახებიან ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც ან აჭიანურებს პროცესებს ან საერთოდაც აჩერებს. ხოლო ის ინვესტიციებიც კი, რაც ქვეყანაში შემოდის, ხშირ შემთხვევაში უფრო ბუღალტრული აღრიცხვაა, ვიდრე ეკონომიკური აქტივობის შედეგი, რადგან ქვეყანაში არსებული კომპანიები დარეგისტრირებულნი არიან ან ევროკავშირის ზონაში, ან ოფშორებში და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები სტატისტიკურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად ტარდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cDaCkm; https://bit.ly/3ggbXQz; https://bit.ly/3zlelgh


2. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარე და ხელისუფლება სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით მხარეები 3 საკითხზე შეთანხმდნენ: 1) ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოხდება რისკების შეფასება; 2) რიონის ხეობაში მოიხსნება ბარიერები და 3) მთავრობის მიერ ენერეგოუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მომდევნო პარასკევს მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით კომპანია “ენკას” გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება აწარმოოს სამუშაოები, ხოლო სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის საერთოდ შეჩერებას. მისი განცხადებით შეხვედრაზე ყველა საკითხი არ გადაწყვეტილა, მაგრამ გამოიკვეთა საკითხები რომელზეც დიალოგის რეჟიმში იმსჯელებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RTcKO2; https://bit.ly/3zpIATi; https://bit.ly/3vjbSQn


3. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევრო დირექტივის ცალკეულ მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

77 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ევრო დირექტივის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. ,,IDFI’’ აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვასა და მის ანალიზში. ორგანიზაციის შეფასებით ამ კანონით ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს შეეძლება პირდაპირი წვდომა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებების, სატელეკომუნიკაციო სექტორის პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე. ამავე დროს ძალოვან უწყებებს წვდომა ექნებათ პერსონალურ მონაცემებთან, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს არღვევს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xgLqIl


4. მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომელიც სავარაუდო დემპინგის შესახებ განცხადებების შესწავლის წესს განსაზღვრავს

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილება განსაზღვრავს დემპინგის შესახებ განცხადებების შესწავლის წესს და მისი განხორციელებისთვის სანქციებს ადგენს. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება მოხდება არა უმეტეს 5 წლით. ძირითადი სანქცია "ანტიდემპინგური ტარიფი" იქნება, რაც "მიყენებული ზიანის" მოცულობიდან გაანგარიშდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pOIm3L


5. 2021-2023 წლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს 450 მილიონი ევროს სესხს და 33 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველომ მოზიდული ფინანსებით უნდა დააფინანსოს ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების პროექტები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gjokeM


6. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის „მინისტრის საათი“ პარლამენტში

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვიდა. მოხსენების შემდეგ კი დეპუტატების დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცა. მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც მინისტრმა ისაუბრა იყო შემდეგი:
წინა პროგნოზისგან განსხვავებით, ლაშა ხუციშვილის შეფასებით 2021 წელს მთავრობის ვალის წილი მშპ-ში 57%-მდე შემცირდება. მინისტრის შეფასებით 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა, სადაც ყველაზე მეტი (3,0 მილიარდი ლარი) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდა. სადაც დადებითად შეაფასა სამშენებლო სექტორის მდგომარეობა, რომელიც მისი განცხადებით 2019 წლის დონემდე თითქმის აღდგა.

2020 წელს მთავრობამ 594 მილიონი ლარი კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა, რის მიზნობრიობაზეც დეპუტატის შეკითხვას მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არ ჩაითვლება საბანკო სფეროს სუბსიდირებად და ფინანსური ოპერაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მილიონი ლარი წმინდა სარგებლის სახით დარჩა.

ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდა მნიშვნელოვანი პრობლემაა და მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაბანდის ფაქტები განსაკუთრებით მას შემდეგ იმატებს, რაც თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება. დეპუტატებისგან კითხვა ასევე შეეხებოდა ყალბი დღგ-ის საქმეს, რაზეც მინისტრის თქმით ამ დრომდე სამართლებრივ პასუხისგებაში 241 პირი მიეცა, ხოლო ბრალდებულებისგან 26 მილიონი ლარის ამოღება და10 მილიონი ლარის დაყადაღება მოხდა.

ეკონომიკის სრულად გახსნა დამოკიდებულია ვაქცინაციის პროცესზე, კითხვაზე თუ რამდენად შეძლებდა მთავრობა ვაქცინის შემოტანას, მინისტრმა უპასუხა, რომ ვაქცინისთვის მობილიზებული აქვთ იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინის შეძენას დასჭირდება. ასევე შესაძლებლად მიიჩნევს გაორმაგდეს ვაქცინაციის ჩასატარებლად კლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები.


ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pMrhY8; https://bit.ly/35fn3Pp; https://bit.ly/3xkOfbI; https://bit.ly/3pOn7iq


7. რატომ დატოვა ოქროს მომპოვებელმა ბრიტანულმა კომპანია Empire Metals-მა საქართველო

ოქროსა და სპილენძის მოპოვებელმა ბრიტანულმა კომპანია Empire Metals-მა , “არასახარბიელო გარემო”-ს მიზეზით, საქართველოს ბაზარი დატოვა, კომპანიამ GMC Investment limited-ში 50%-იანი წილი 3,3 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, რომელიც “კავკასიის სამთო ჯგუფმა” შეიძინა. “კავკასიის სამთო ჯგუფი’’ რომელიც აქამდე 50%-იან წილს ფლობდა, ახლა უკვე 100%-ის მფლობელი გახდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wmtyvA



8. 2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს

1 ივლისიდან ელექტროენერგიას თბილისის მაცხოვრებლები ,,თელასი’’-ს ნაცვლად “თელმიკო’’-სგან მიიღებენ, ხოლო რეგიონებში "ენერგო პრო ჯორჯიას" ნავლად “ეპი ჯორჯია”-სგან.

აღნიშნული მოვლენა დაკავშირებულია ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. შესაბამისად ,,თელას’’-მა და ,,ენერგო პრო ჯორჯია’’-მ ახალი კომპანიები დააფუძნეს, რომლებიც აბონენტებთან დენის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

აღნიშნული რეფორმა, მისი შინაარსით მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ გამიჯვნა მომხდარიყო ელექტროენერგიის განაწილებასა და მიწოდებას შორის და გაზრდილიყო კონკურენცია ბაზარზე, თუმცა, ამ ფორმით რეფორმის ჩატარება, მხოლოდ მოცემული საკითხის კოსმეტიკური გადაწყვეტაა და არა რეალური რეფორმის ჩატარება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Smjwfv


9. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაიზარდა. შედეგად, საბანკო სექტორის მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია ლარის კურსის დასტაბილურებაში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლარის გამყარების უმთავრეს ფაქტორად რეფინანსირების სესხების შემცირებას ასახელებს. ბოლო პერიოდში დასტაბილურებული ლარის კურსის სანაცვლოდ კი მოქალაქეებს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარის სესხები გაუძვირდათ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3znjAvU; https://bit.ly/3pMG5pI


10. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.0% იქნება

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 4.3%-იდან 6.0%-მდე გაიზარდა, რაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 და 2023 წლებში კი 5.0%-იან ზრდას პროგნოზირებს. Galt&Taggart-ის პროგნოზი 5.0% იყო, თუმცა Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით საბაზისო სცენარში ეკონომიკა შესაძლოა 7%-ით გაიზარდოს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xenju3; https://bit.ly/2SxLQeT

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა