მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

60aa54f33f0d2
ირაკლი მაკალათია
23.05.21 17:28
1059
გთავაზობთ გასული კვირის (17 – 22 მაისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობამ 21.9% შეადგინა
2. პანდემიის დაწყების შემდგომ, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო
3. ბიზნესის დასახმარებლად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს სესხს აიღებს
4. USAID საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარის გრანტს გამოუყოფს
5. “კავკასუს ონლაინის” მფლობელი საარბიტრაჟო დავის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს
6. მთავრობა გასული ბოლო 10 წლის განმავლობაში ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირებისგან გადასახადის გადახდას ითხოვს
7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა
8. როგორი ტემპით მიმდინარეობს პრივატიზაციის პროგრამა
9. საქართველოს სახელმწიფო ვალმა 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
10. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ 2019 წლიდან დღემდე 524 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების PPP პროექტი დაამუშავა.


1. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობამ 21.9% შეადგინა
2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 21.9% შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით არის გაზრდილი. უმუშევრობის დონის ზრდის მთავარი მიზეზი პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები იყო. უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენციის ხასიათდება ეკონომიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს რომ შრომის ბაზარზე ადამიანები კარგავენ სამსახურის შოვნის მოლოდინებს და ეკონომიკურად არაქტიურთა რიგებში გადადიან. გარდა ოფიციალური მაჩვენებლებისა ქვეყნის ეკონომიკაში დიდია დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი, სადაც ძირითადად თვითდასაქმებულები არიან წარმოდგენილნი. ამასთან, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია ტურიზმის სფეროში, რომელმაც პანდემიის პერიოდში ფინანსურად ყველაზე დიდი დანაკარგი მიიღო. აქედან გამომდინარე ქვეყანაში უფრო მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ვიდრე დაკვირვებადი ეკონომიკის ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fxxkeo ; https://bit.ly/3hMj0l7 


2. პანდემიის დაწყების შემდგომ, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო.
2021 წლის აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 49.9 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ ტურიზმი გასული წლის მაჩვენებლის 25%-ის ნიშნულით აღდგეს. ეკონომიკის და მით უფრო ტურიზმის სექტორის აღდგენა დიდ წილად დამოკიდებულია ვაქცინაციის სწრაფ ტემპზე, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული.

საქართველოს პოპულარიზების მიზნით, ,,ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, „FITUR“-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა.’’ გამოფენის ფარგლებში მადრიდში მარკეტინგული კამპანიაც მოეწყო, რაც საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ysvu7z ; https://bit.ly/3wrEKXt ; https://bit.ly/3oHPgHA ; https://bit.ly/3hNGcPO 

3. ბიზნესის დასახმარებლად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს სესხს აიღებს.
საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს სესხს მიიღებს. აღნიშნული თანხიდან 68 მილიონი ევროთი დაფინანსდება პროგრამა "აწარმოე საქართველოში’’, ხოლო 12 მილიონი ევრო ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოიყოფა. კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, თუ მიმდინარე წელს პანდემიის ახალი ტალღები არ იქნა, ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vd1cn8 ; https://bit.ly/2REbI8q ; https://bit.ly/3hTID3k 

4. USAID საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარის გრანტს გამოუყოფს
საქართველოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველო 5 წლის პერიოდში 330 აშშ მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. პირველ ეტაპზე საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე გრანტი ჩაერიცხება, რომელსაც მომდევნო პერიოდში პერსპექტივა აქვს, რომ 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hN8qdy ; https://bit.ly/3hIWKIV 


5. “კავკასუს ონლაინის” მფლობელი საარბიტრაჟო დავის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს
“კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული “ნექსოლ ჰოლდინგი” საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. კომუნიკაციების კომისია შემდგომ გადაწყვეტილებებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების საბოლოო შედეგების შემდეგ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც “ნექსოლ ჰოლდინგი” კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას აპროტესტებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bJmIrJ 

6. მთავრობა გასული ბოლო 10 წლის განმავლობაში ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირებისგან გადასახადის გადახდას ითხოვს
2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით განისაზღვრა სტატუსი "ვირტუალური ზონის პირი", ხოლო ამ სტატუსის მქონე იურიდიული პირებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეეძლოთ, თუმცა შემოსავლების სამსახურმა პოზიცია შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს, მიზეზად კი ასახელებენ, რომ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული და ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიიდან არცერთი კომპანია არ ახორციელებდა უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას. კანონის შეცვლა ერთით გასაგებია, თუმცა კომპანიებისთვის წინა თარიღით გადასახადების დაკისრება რამდენად უნდა ჩაითვალოს მეორე საკითხია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2QJe7yd ; https://bit.ly/3hOsigC 

7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა
კონტრაქტის მიხედვით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS ((Maritime & Transport Business Solutions B.V.) მარკეტინგის სტრატეგიას შეიმუშავებს და ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს განაახლებს.

მანამდე კი ანაკლიაში კვლავ მოუგვარებელ პრობლებად რჩება ე.წ. „ქვიშის გორები“. 2018 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები გამართა, რომლის ფარგლებშიც ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად დაიყარა. ხოლო მას შემდეგ რაც მთავრობამ კონსორციუმთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნდა, მაგრამ შექმნილ პრობლემას არ აგვარებს და პასუხისმგებლობასაც კონსორციუმს აკისრებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Tg3K61 ; https://bit.ly/2QFYV4M 


8. როგორი ტემპით მიმდინარეობს პრივატიზაციის პროგრამა
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 17-18 მაისს აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი გამოვიდა, რომელთა ფასი 39 მილიონ ლარზე მეტი იყო, თუმცა აუქციონის საბოლოო შედეგებით 72,8 მილიონი ლარი შეადგინა. 50%-იანი ფასდაკლებით საპრივატიზაციოდ უკვე მეოთხედ გამოტანილი „რიყის დოქები“ კი კვლავ ვერ გაიყიდა, თუმცა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ობიექტი გაუსხვისებელი არ დარჩება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2RIG75n ; https://bit.ly/3udAOID 

9. საქართველოს სახელმწიფო ვალმა 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება შიდა ვალს, მისმა მოცულობამ 5.87 მილიარდი ლარი შეადგინა. 2021 წელს კი საქართველოს მთავრობა დამატებით 5.27 მილიარდი ლარის სესხს აიღებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ulhsBr 

10. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ 2019 წლიდან დღემდე 524 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების PPP პროექტი დაამუშავა
2019 წლის თებერვლიდან ამოქმედებულმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ ჯამში 524 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები დაამუშავა. აღნიშნული პროექტები სრულად ენერგეტიკის სექტორს მოიცავს, თუმცა აღნიშნული პროექტებიდან ჯერჯერობით არცერთის განხორციელებულა არ დაწყებულა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hUnWEq