მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გათვალისწინებულია ე.წ მცირე არქიტექტურის ნაგებობები“ - ნიკოლოზ ჩხეტიანი თბილისის ცენტრალურ პარკზე

6080812da179c
თამთა ჯიჯავაძე
21.04.21 23:44
701
თბილისში, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც ცენტრალური პარკი უნდა გაშენდეს, გათვალისწინებული არის ე.წ მცირე არქიტექტურის ნაგებობები. ამის შესახებ “ქართუ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მცირე არქიტექტურის ნაგებობებში მოიაზრება მაგალითად კაფე, ამფითეატრი და მედიათეკა.

„გათვალისწინებულია კაფე, რაც აუცილებელია ასეთი გიგანტური ტერიტორიისთვის. ასევე იქნება საჯარო საპირფარეშოები. იგეგმება ე.წ მედიათეკის ტიპის სივრცის გაკეთებაც, რომელიც ფუნქციონირებს ვაკის პარკში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, იქნება ღია ამფითეატრი, სადაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ჩატარება. ამისთვის გამოიყენება ის ფერდობი, რომელიც იქ არსებობს, შესაბამისად, ეს ნაკლებად დატვირთავს დაბლობის ტერიტორიას. ეს იქნება დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ადრე იყო იპოდრომის ტრიბუნები. არაფერი ისეთი განსაკუთრებული შენობა იქ არ აშენდება და ე.წ ჩაბეტონებასთან დაკავშირებული ფობიები, ვფიქრობ, არის კონკრეტული პოლიტიკური სარჩულით შენიღბული ძალების მესიჯები“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, აუცილებლად იქნება საპარკინგე ადგილებიც, რომელიც მთლიან ტერიტორიასთან მიმართებით უმნიშვნელო ადგილს დაიკავებს.

„პარკის საშუალო მოხმარება დღიურად 7000-8000 დამთვალიერებელი იქნება. პიკურ შემთხვევებში შეიძლება 15 000-ზეც ავიდეს“, - აღნიშნა ჩხეტიანმა და დასძინა, რომ დამთვალიერებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ტერიტორიამდე ავტომობილით მივიდეს.

კახა კალაძის თქმით კი, ტერიტორიაზე განთავსდება საპიკნიკე სივრცეები, სადაც ვიზიტორებს მდელოზე შესვლის, დასვენების და გარუჯვის შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის ოქტომბერში მოეწერა. ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.