27.ნოემბერი .2019 11:03

„გაუაზრებელი და არაკომპეტენტური რეგულაცია-ჯანდაცვის მინისტრმა ყველას კრიტიკა დაიმსახურა”

views 19526
უკან

ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების და დარგობრივი ასოციაციების შემდეგ, მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, შეშფოთებულია სამედიცინო აპარატურის, სახარჯი მასალების და იმპლანტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია Modern Medical Solution-ც. 

bm.ge-ისთან ინტერვიუში Modern Medical Solution-ის გენერალური მენეჯერი რომან ლომიძე ყვება, რომ საქართველოში მსგავსი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოყვანისთვის, ძალიან დიდი დრო და რესურსი დაიხარჯა და თუ ისინი ბაზრიდან გავლენ, ამით არა - თავად იმპორტიორები, არამედ საქართველო იზარალაებს.

„Johnson & Johnson, GE, Stryker, Olympus, Cordis, Cook Medical, Merit Medical, Biosensors, Vygon, LivaNova – ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება ქართული ბაზარი დატოვოს; გადავიქცევით, დაახლოებით, ტაჯიკეთის დონის ქვეყნად. არცერთი სერიოზული კომპანია არ მუშაობს ტაჯიკეთში, სწორედ აქეთ მივდივართ. საკითხი შემდეგნაირად დგას - კლინიკები ვეღარ იყიდიან ძვირადღირებულ მასალებს. ტრანსნაციონალური კომპანიები კი, შეძლება ბაზრიდან გავიდნენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, აქტიურად ვმუშაობთ, იქნებ ფასების რეგულირება მოვახერხოთ და რაღაც ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თუმცა ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დაბალი ხარისხის პროდუქციას უბრალოდ არ ჩამოვიტან, ვერ გავრისკავ ვერცერთი პაციენტის ჯამრთელობით. აქ კი ჩნდება საფრთხე, რომ მაღალი დონის სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი - ანუ დავბრუნდებით იქ, სადაც 15 წლის წინ ვიყავით. ჯანდაცვის სამინისტროს არ ეყო კომპეტენცია. ტარიფების გათანაბრების თემა მიაბარეს მხოლოდ ფინანსისტებს და მათ რას ითვლიდნენ, უბრალოდ არ იცოდნენ“, - აცხადებს რომან ლომიძე და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.

„მაგალითად, პეისმეიკერის/კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის ფასი სწორად დათვალეს, მაგრამ ამ პეისმეიკერს რომ სჭირდება ორი ელექტროდი, რომელიც დაახლოებით, $1000 ღირს, ამას ვერ მიხვდნენ. ვერც იმას ვერ მიხვდნენ, რომ თანამედროვე გაიდლაინით პაციენტს უნდა ჩაუყენდეს წამლიანი სტენტი და არა მეტალის, როგორიც კეთდებოდა 10 წლის წინ. ესაა მათი არაკომპეტენტურობის შედეგი. იმას არ ვამბობ, რა ცუდები არიან, უბრალოდ ეს არაა მათი საქმე, ფინასისტი როცა ითვლის, ითვლის ყველაზე იაფს, ნაცვლად იმისა, რომ დამსხდარიყვნენ დარგობრივ ასოციაციებთან და გაევლოთ ეს თემები, პირდაპირ ეს 520-ე დადგენილება შევიდა ძალაში. მერე კიდევ ამტკიცებენ, რომ ის ფასები რასაც ექიმები ამბობენ, არარელევანტურიაო. ამიხსენით, რა არის არის არარელევანტური? ვინმემ მითხარით როგორ უნდა გაკეთდეს რთული კარგიოქირურგიული ოპერაცია, სადაც საჭიროა სახარჯი მასალა არანკლებ 11 ათასი ლარის ღირებულების და სახელმწიფო ამაში იხდის 12 ათას ლარს?! იმ პაციენტს ან წამალი აღარ სჭირდება ან ეხოს გადაღება აღარ უნდა ან საავადმყოფოში არ უნდა იწვეს ან ანესთეზია არ სჭირდება? ნუ კარგი ექიმი აღარ იღებს ხელფასს და კლინიკა აღარ იღებს მოგებას”, - ყვება რომან ლომიძე.

მისივე თქმით, რეგულაციების წინააღმდეგი დღეს არავინაა, ისევე როგორც ფასების გათანაბრების, მაგრამ ვისაც საშუალება აქვს, თანხის დამატების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

“როცა კეთდება ურთულესი სტენტირება, იქ რა მასალა უნდა გაიხარჯოს, რა ღირს ეს მასალა და ა.შ. არავის არ მოუკითხავს არც ჩვენთან, არც - მწარმოებლებთან. პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ფასები არის გაბერილი. ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქციაზე, რომელზეც წლიური მოგება შეიძლება 5%-7 % იყოს ანუ ფული რომ ბანკში დავდოთ, უფრო დიდ მოგებას მივიღებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ბიზნესი მარტო ბიზნესი არაა, ჩვენც ბევრ დათმობაზე მივდივართ და კლინიკებიც და თუ ვიღაც არაკეთილსინდისიერად აკეთებდა რაღაცას, ცოტა სხვა ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ თავის დროზე”, - ამბობს bm.ge -ისთან საუბარში “Modern Medical Solution”- ის გენერალური მენეჯერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ფონზე არაერთ პაციენტს მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვიდან გასვლა, რადგანაც მას კლინიკები უბრალოდ უარს ეტყვიან და ვერ გააკეთებენ იმას, რაც შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულ პაციენტს სჭირდებოდეს.

შედეგად კი, რომან ლომიძის აზრით, „მივიღებთ იმას, რომ პაციენტებს არათუ შეუმცირდებათ დანახარჯები, არამედ პირიქით, რადიკალურად გაიზრდება ჯიბიდან გადახდები.

„არის სხვა ვარიანტი - შეგიძლია თურქეთში წახვიდე, მაგრამ არის შემთხვევები თურქეთში კი, არა შეიძლება 100 მეტრის გავლა ვერ მოასწრო. ბოლო დღეებში გვქონდა შემთხვევა, როდესაც კლინიკები წაგებაზე წავიდნენ, თუმცა ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება”, - ამბობს ლომიძე.

მსხვილი იმპორტიორი ჩვენთან საუბარში, ბოლო დროს სამინიტროს მხრიდან ექიმების მიმართ არსებულ დამოკიდებულებზეც ამახვილებს ყურადღებას.

“ასეთი ოპონირების რეჟიმში წარმოუდგენელია მუშაობა, რომ თითქოს ექიმები ცუდები არიან და ჩვენ ვართ კარგები და პაციენტებზე ვზრუნავთ… პაციენტებზე როგორ ზრუნავენ, როდესაც უსპობენ საშუალებას, მიიღონ მაღალი დონის სერვისი. დაიკეტება ძალიან ბევრი კლინიკა; კი, ისიც მესმის, რომ ბევრი კლინიკაა, ზედმეტად ბევრია და მეც ვეთანხმები, რომ უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ეს შეიძლება ხარისხის რეგულაციის გზით და არა ფასების შეზღუდვით. ფასების შეზღუდვა ამ შემთხვევაში მოიტანს უკუშედეგს”, - განაცხადა ლომიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გაუაზრებელი და არაკომპეტენტურია.

„ჯანდაცვის მინისტრმა დაიმსახურა ყველას კრიტიკა, მათ შორის ჩემიც, ჩემი კოლეგებისაც; ეს რეგულაციები გაუაზრებელია და არაკომპეტენტურად ჩატარებული. მიზანი ნამდვილად კარგი ჰქონდათ, თუმცა არ შეიძლება ისე გააკეთო, რომ პაციენტები დაზარალდნენ; როცა ყველა ამას გიმტკიცებს, როგორც მინიმუმ, ალბათ უნდა დაფიქრდე - შეცდომა ხომ არ გაქვს დაშვებული. ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ კომუნიკაცია იყო ძალიან გართულებული და სამინისტრო გამოდიოდა ნახევრად სადამსჯელო ორგანიზაციის როლში ცალ ხელში შოლტით, დაჯარიმებაზე ორიენტირებული… კლინიკებს 6-7 თვეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დავალიანება არ ჩარიცხვიათ. დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს კი, ეს არ ხდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ არის მიმართულებები, სადაც კარგი რაღაცეები გააკეთეს. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური აბლაციაც ფინანსდება პროგრამის ფარგლებში, რაც ბევრი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს, თუმცა ფაქტია, არითმოლოგია, სადაც საქართველო ბოლო რამდენიმე წელია წინ მიდის, გაწირეს იმისთვის, რომ თუ პაციენტს არ უდევს $10.000 დოლარი, უნდა მოკვდეს ან წავიდეს თურქეში, გერმანიაში, სადაც ან ჩაასწრებს ან - ვერა”, - აცხადებს “Modern Medical Solution”- ის გენერალური მენეჯერი .

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა