მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაუგებარია, რას ემსახურება მარიამ ქვრივიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა" - სოსო ბერიკაშვილი

60ad3d18b5b2b
მარიამ ადამია
25.05.21 23:20
805
„კავკასიის უნივერსიტეტის“, ეკონომიკური სკოლის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის თქმით, გაუგებარია ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის დანიშვნა რას ემსახურება, იმ დროს, როდესაც არც რაიმე სსიპ-ის ან სააგენტოს გაუქმება, ან ხარჯების ოპტიმიზაცია არ მომხდარა.

„ჩვენს მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ვართ პატარა ქვეყანა, გვჭირდება ხარჯების ოპტიმიზაცია და ქამრების შემოჭერა, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში, თუმცა რეალურად ყოველდღე საპირისპიროს ვიღებთ. ინიშნებიან ახალი მოადგილეები, ან იქმნება ახალი სააგენტოები და სამინისტროები. პერსონალურად მარიამ ქვრივიშვილთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ უკეთესი იქნება კომუნიკაციის კუთხით და პასუხს მაინც გაგვცემს ვინმე, მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ისედაც ბევრი მოადგილე ჰყავს ეკონომიკის მინისტრს და პარალელურად არსებობს სააგენტოები, იქნება ეს ტურიზმი, მთის კურორტები თუ ავიაცია, რომლებიც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობენ, ჰყავთ თავიანთი გუნდი და ხელმძღვანელები, ასეთ პირობებში ახალი მოადგილის დანიშვნა და კიდევ ადამიანის დამატება გაუგებარია რას ემსახურება“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკური სკოლის დეკანის თქმით, ოპტიმიზაცია რომ მომხდარიყო, გაუქმებულიყო სსიპ-ები ან სააგენტო და დაემატებინათ მინისტრის მოადგილის შტატი, მაშინ ეს გადაწყვეტილება გასაგები იქნებოდა.

„ასე უაპელაციოდ, არაფრიდან უცებ მინისტრის ახალ მოადგილეს ვიღებთ, უცნაურია თავად ფაქტიც და დანიშნულის ფუნქციაც ამ ეტაპზე,“ - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.