მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანიმ $40 მლრდ დაკარგა | ინდოელი ბიზნესმენის დაღმასვლის მიზეზები

63d7874fb33f0
გიორგი თოლორდავა
30.01.23 17:00
2738
უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი, გაუტამ ადანი ქონებას რეკორდული ტემპით კარგავს - სულ რაღაც ერთ კვირაში მისი ქონების შეფასება $125 მილიარდიდან $86 მილიარდამდე შემცირდა; Forbes-ის რეიტინგში კი ის მესამე ადგილიდან მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

საერთო ჯამში, ადანის ჰოლდინგის მფლობელობაში არსებულმა შვილობილმა კომპანიებმა თითქმის 70 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს.

ინდუსტრიული მაგნატის დაღმასვლა კვლევითი ფირმის, Hindenburg Research-ის მიერ გასაჯაროებული უახლესი ანგარიშითაა განპირობებული. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადანის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია სინამდვილეში სიცრუეზე დგას და მისი კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა არა ფუნდამენტური შედეგებით, არამედ საფონდო ბირჟების მანიპულაციით, თაღლითობითა და ბუღალტრული ანგარიშგებების გაყალბებით იყო განპირობებული.

კვლევის გარდა, Hindenburg-მა Adani Group-ის შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ short პოზიციების გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, ანუ Hindenburg-ი საპირისპირო ფსონს დებს, რომ გაუტამ ადანის კომპანიების აქციები დაეცემა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ის ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

ჯერჯერობით Hindenburg-ის ფსონი მართლდება, რადგან სულ რაღაც Adani Group-ის შვილობილმა კომპანიებმა კუმულაციური კაპიტალიზაციის თითქმის 30% უკვე დაკარგეს.

გაუტამ ადანის ადვოკატების განცხადებით, Hindenburg-ის კვლევა არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მისი გასაჯაროების მიზანი სწორედ ზემოხსენებული short პოზიციით სარგებლის მიღება იყო, ვინაიდან, კვლევითი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს და მის მიგნებებს ინვესტორები თუ ტრეიდერები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნამდვილად ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, Adani Group-ი Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

ზოგადად, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორია არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Adani Group-ის შვილობილ კომპანიებს ინდოეთში ათასობით მსხვილი ტენდერი უკონკურენტოდ აქვთ მოგებული, თავად ადანი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ახლო მეგობარი და მმართველი პოლიტიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია.