მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანიმ ერთ დღეში $21 მლრდ დაკარგა | ინდოელი ბიზნესმენი Forbes-ის სამეულს გამოეთიშა

63d3872f05708
გიორგი თოლორდავა
27.01.23 12:21
3514
უმდიდრესი ინდოელი მეწარმის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა - Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში გაუტამ ადანი მე-3 ადგილიდან მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, მან სულ რაღაც 48 საათში $30 მილიარდამდე ქონება დაკარგა, გასული 24 საათის ვარდნის მაჩვენებელი კი 21 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინდუსტრიული მაგნატის დაღმასვლა კვლევითი ფირმის, Hindenburg Research-ის მიერ გასაჯაროებული უახლესი ანგარიშითაა განპირობებული. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადანის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია სინამდვილეში სიცრუეზე დგას და მისი კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა არა ფუნდამენტური შედეგებით, არამედ საფონდო ბირჟების მანიპულაციით, თაღლითობითა და ბუღალტრული ანგარიშგებების გაყალბებით იყო განპირობებული.

კვლევის გარდა, Hindenburg-მა Adani Group-ის შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ short პოზიციების გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, ანუ Hindenburg-ი საპირისპირო ფსონს დებს, რომ გაუტამ ადანის კომპანიების აქციები დაეცემა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ის ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

ჯერჯერობით Hindenburg-ის ფსონი მართლდება, რადგან სულ რაღაც ორ დღეში Adani Group-ის შვილობილმა კომპანიებმა კუმულაციური კაპიტალიზაციის თითქმის 10% უკვე დაკარგეს.

გაუტამ ადანის ადვოკატების განცხადებით, Hindenburg-ის კვლევა არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მისი გასაჯაროების მიზანი სწორედ ზემოხსენებული short პოზიციით სარგებლის მიღება იყო, ვინაიდან, კვლევითი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს და მის მიგნებებს ინვესტორები თუ ტრეიდერები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნამდვილად ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, Adani Group-ი Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

ზოგადად, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორია არაერთ კითხვისნიშანს ბადებს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Adani Group-ის შვილობილ კომპანიებს ინდოეთში ათასობით მსხვილი ტენდერი უკონკურენტოდ აქვთ მოგებული, თავად ადანი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ახლო მეგობარი და მმართველი პოლიტიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები