მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმები ეკონომიკის სტიმულირებისთვის - დავალებები ეკონომიკურ გუნდს გახარიასგან

5e7245f7c5381
თელარა გელანტია
18.03.20 23:05
1902
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართული, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისთვის და ასევე, პროგრამა ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისთვის.
დავალებები ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიიღეს.

Bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რას ითხოვს პრემიერი ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილისგან. როგორც ირკვევა, დავალების არსია, ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ლოკალიზაცია და საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოების განვითარება.

„ეკონომიკის ცალკეული დარგების სტიმულირების პაკეტი ვიწრო სექტორული თემაა, რაც პრემიერმა მე და დავითაშვილს დაგვავალა. აქ საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ წარმოებებზე იმ მიმართულებებში, სადაც მაღალი მოთხოვნაა. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში გადამამუშავებელი პროდუქცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ანუ რაც გვინდა, რომ ადგილზე გვქონდეს, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ლოგისტიკური კრიზისი და იმპორტის შეზღუდვები“, - განმარტა bm.ge-ისთან ნათია თურნავამ.

როგორც ჩანს, ეკონომიკის ცალკეული სექტორების სტიმულირების გეგმის ნაწილია პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ გადაწყობა და მეტი კონცენტრაცია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. ამაზეც დავალება ეკონომიკურმა ბლოკმა პრემიერისგან მიიღო.

„დღეს აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებსა და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების და პროგრამების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს. ასევე მე და ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადავაწყოთ იმდაგვარად, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი, იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენა დაანონსა დღეს ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან და სებ-ის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სტიმულირების პაკეტის დეტალები მინისტრს დღეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მოიცავს როგორც საბიუჯეტო დახმარებებს, ასევე - რეზერვების მიმართულებით მხარდაჭერას.

“უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი მაკროეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი. ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან არის პრაქტიკულად როგორც ომის მდგომარეობა. ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო IMF-თან მიმდინარე პროგრამის გაზრდას გეგმავს.

„ჩვენ ვგეგმავთ IMF-ის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, 13 მარტს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიებისთვის რიგ შეღავათებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, მსესხებლებისთვის საშეღავათო პირობები წარმოადგინეს კომერციულმა ბანკებმაც.