28.სექტემბერი .2020 12:16

სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში პაციენტი გადამდები აღარაა - covid-19-ის გაიდლაინები იცვლება

views 1534
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, NCDC-სგან მიღებულია ახალი რეკომენდაციები, რომელიც უსიმპტომო პაციენტებს ეხებათ.

გაბუნიას თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანმოს მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი, პრაქტიკულად, გადამდები აღარაა და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა გადამდები აღარ არის.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, შეეხება უსიმპტრომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მე-12 დღეს, პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან სიმპტომი არ აქვს, ითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია, სოციალურ აქტივობას დაუბრუნდეს, თან ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, თუკი ვირუსის დადასტურებიდან 13 დღეში, 10 დღე სიმპტომებით იყო და 3 უსიმპტომოდ, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება“, - ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მზად პაციენტი კლინიკურად სოციალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, თუმცა ასეთი პაციენტი მე-14 დღეს საზოგადოებისთვის რისკს აღარ წარმოადგენს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი რეკომენდაციები გაიდლაინებში აისახება.