გუშინ, აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა 5 მოქალაქე და ორი პოლიციელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პოლიციელების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ბინაზე გაეწერნენ, რამდენიმე მოქალაქე კი, მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს.
როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა დაშავებულთა შესახებ. დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა "კავკასიის მედიცინის ცენტრში", მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ერთ-ერთს თავისა და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.
თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს 5 მოქალაქე. მათ, სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდათ და ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, რომელიც გაეწერა ბინაზე. მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები თავის არეში. დაუდგინდა ტვინის შერყევა და გაეწერა ბინაზე. მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში და ასევე ტვინის შერყევა. ხელის მსუბუქი დაზიანება, მოტეხილობა არ იყო. მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა ხელის მოტეხილობა, ოპერაციამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პოსტოპერაციული დაკვირვება. მეხუთე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება და მასაც დაუდგინდა ტვინის შერყევა", - განაცხადა გაბუნიამ.