მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი - რომელი ბაზრები განიხილება რუსული ხორბლის ალტერნატივად

5fdcc8a024448
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.20 21:00
1656
2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს 10 თვეში ყველაზე მეტი 88.2 მლნ დოლარის ღირებულების 407 605.83 ტონა ხორბალი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა, თუმცა მცირე მოცულობებით საიმპორტო ქვეყნებს შორის არის თურქეთი (83.4 ათასი დოლარი, 52.0 ტონა), ავსტრია (40.8 ათასი დოლარი, 38.62 ტონა) და საბერძნეთი (14.6 ათასი დოლარი, 22.50 ტონა).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთის როგორც ხორბლის მთავარ საიმპორტო ბაზრად ქცევის მთავარ პირობად რუსულ ხორბალზე არსებულ დაბალ ფასებს ასახელებს და ამბობს, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტისას დაწესებული გადასახადების გამო პროდუქტზე გაზრდილი ღირებულების შემთხვევაში, ქართველი იმპორტიორები მის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთვებიან.

„იმ შემთხვევაში თუ რუსული ხორბლის ფასები და პირობები არ იქნება კონკურენტუნარიანი, ბიზნესი მოახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას, იმისთვის რომ ეს არ აისახოს საქართველოში ხორბლის მოწოდებაზე", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BM.GE დაინტერესდა რომელია რუსული ხორბლის ალტერნატიული ბაზრები და რა მიმართულებით აპირებს ბიზნესი იმპორტის დივერსიფიკაციას.

„ხორბლის ხელმისაწვდომობაზე პრობლემა არ იქნება, მთავარია ფასი როგორი იქნება“, - განუცხადა BM.GE-ის ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა ქეთი კუბლაშვილმა.

იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი მინისტრის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ რუსული ხორბალი ქართველი იმპორტიორებისთვის მხოლოდ ფასის გამოა მიმზიდველი. ხოლო ტრადიციულ საიმპორტო ბაზარზე საექსპორტო გადასახადის გამო ხორბლის გაძვირების შემთხვევაში ბიზნესი მარტივად მოახდენს საიმპორტო მიმართულების შეცვლას.

„საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ახალი სეზონიდან დაწყებული იზრდება და მოლოდინი იმის, რომ კონკრეტული ქვეყნები ხორბლის ექსპორტს დაკეტავდნენ, არსებობდა. რუსეთმა პირველად ნოემბერში დაანონსა რომ იქნებოდა კვოტირება, რაც ნიშნავს იმას რომ კონკრეტული კომპანიები მთავრობასთან შეთანხმებულ რაოდენობების გატანას შეძლებენ და ამაზე მეტი უბრალოდ აღარ გავა. ეს რუსეთმა შიდა ბაზარზე ფასების დარეგულირებისთვის განახორციელა.

თუმცა, გარდა ამისა, რუსეთი ხორბლის ექსპორტირებისას საბაჟო გადასახადს აწესებს. ზუსტად ეს ართულებს საქმეს, თუმცა არც იმდენად, რომ ეს საქმის გაფუჭების მიზეზი გახდეს.

რუსული ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად ფრანგული, გერმანული ან ამერიკული ხორბლის. ეს ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული. დღეს ფოთში რუსეთიდან გემით შემოტანილი ხორბლის ფასი არის 255 დოლარი, რასაც 15 თებერვლიდან 25 ევრო დაემატება და ძალიან ცოტა ხორბალი გამოვა რუსეთიდან. ეს ფასი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებს გაუთანაბრდება. მაგალითად რაც ფრანგული ხორბალი ღირს, ზუსტად ის ფასი ექნება რუსულ ხორბალსაც და ჩვენ შეიძლება წავიდეთ და ვიყიდოთ ფრანგული ან თუნდაც უნგრული ხორბალი. ამის გამოცდილება  გვაქვს. რუსული ხორბალი დღეისთვის მხოლოდ იმიტომ შემოგვაქვს, რომ უფრო იაფი ღირს“, - განაცხადა ქეთი კუბლაშვილმა.

კითხვაზე - რომელი ბაზრების მიმართულებით გააქტიურდებიან იმპორტიორები, ქეთი კუბლაშვილი აცხადებს:

„შავი ზღვის აუზის ნებისმიერი ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა, ეს იქნება გერმანია, უნგრეთი, რუმინეთი თუ საფრანგეთი.

ყაზახეთი ბოლო რამდენიმე წელია გასულია ბაზრიდან, რადგან მოსავლიანობა ძალიან დაბალია და საექსპორტო პოტენციალი არ გააჩნია; უკრაინული ხორბლის მოსავლიანობაც ბოლო რამდენიმე წელია ძალიან დაბალია და ძირითადი საექსპორტო მოცულობა ევროპის ბაზარზე გადიოდა, ამასთან უკრაინული ხორბლის ხარისხი ჩვენი მომხმარებლისთვის არ არის საინტერესო. რაც შეეხება ამერიკულ ხორბალს, სწორედ დღეს ფოთის პორტში დადგა ამერიკული ხორბლის 14 000 ტონიანი გემი და წლის ბოლომდე ჯამში აშშ-დან 27 000 ტონა ხორბალი შემოვა“, - განაცხადა ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტრმა ქეთი კუბლაშვილმა.