მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანმა სტაბოლში კონფერენციაზე ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაზე ისაუბრა

5e458c58e0b7d
BM.GE
13.02.20 22:43
929
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში ფონდის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და განხორციელებული განახლებადი ენერგიების პროექტებზე ისაუბრა.

კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმზე განხილული იქნა განახლებადი ენერგიების განვითარების შესაძლებლობები, ახალი ტექნოლოგიები, რეგულაციები და საინვესტიციო პოტენციალი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ ბალკანეთში.

თავის გამოსვლაში, გიორგი ჩიქოვანმა განსაკუთრებული აქცენტი ქარისა და მზის ენერგეტიკის განვითარებაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. კონკრეტულ პროექტებზე საუბრისას, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა მზის 25 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტზე, რომლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე 2020 წელს გამოცხადდება და გამარჯვებული აუქციონის შედეგად გამოცხადდება. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტარიფი იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან ერთად 2020 წელს მთავრობა ასევე გეგმავს იგივე კრიტერიუმებით ქარის 20 მგვტ-იან ელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონის გამოცხადებას.

გამოსვლისას, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმასა და ბაზრის ლიბერალიზაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი ინვესტიციების შემოსვლას და ღია ბაზრის ჩამოყალიბებას.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დონმეზი, ალბანეთის ენერგეტიკის მინისტრი ბელინდა ბალუკი, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შერზოდ ხოჯაევი, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ფრედერიკ კემპე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის მმართველი დირექტორმა ნანდიტა პარშადი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.