მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგა მელიქიძის ხედვა - ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს მთავარ საინვესტიციო ოფიცერთან

5e877e5833d4c
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვილი
04.04.20 00:10
3210
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს მთავარ საინვესტიციო ოფიცრად პირველ აპრილს გოგა მელიქიძე დაინიშნა. ის სააგენტოში გადასვლამდე წლების განმავლობაში საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დღეს გადაცემა “ანალიტიკაში” მელიქიძემ მის ხედვასა და სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა. გოგა მელიქიძე ამბობს, რომ 14.9%-იანი სარგებელი, რაც დღეს მოქალაქეთა შენატანებს ერიცხება, საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლება და ის ქვეყანაში არსებულ ინფლაციასთან მიმართებით 2.3-ჯერ მეტია.

“ინვესტიციით კი ძალიან კმაყოფილები ვართ, საკმაოდ მაღალ განაკვეთში არის ინვესტირებული ეს თანხა. 590 მილიონი ლარი განთავსდა დეპოზიტებზე და ამ თანხას უკვე დაერიცხა დაახლოებით 7 მილიონი ლარის საპროცენტო სარგებელი. ეს არის განთავსებული 14.9%-ის საპროცენტო სარგებელში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, 5 წლის მანძილზე ახდენს ფაქტობრივად ინვესტირებული თანხის გაორმაგებას. ეს საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე 2.3-ჯერ მეტია,”- განაცხადა მელიქიძემ.

გოგა მელიქიძე ამბობს, რომ თავად კომერციულ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია იმ საფინანო ინსტიტუტების დასახელება, რომელთა გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებშიც საპენსიო სააგენტომ მოახდინა თანხის დაბანდება. ამასთან გოგა მელიქიძე ამბობს, რომ სააგენტო გამჭვირვალობის სტანდარტების შესაბამისად იზრუნებს მოქალაქეთა დანაზოგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე.

კითხვაზე თუ როდის იქნება მზად საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, გოგა მელიქიძე პასუხობს, რომ ამჟამად დოკუმენტის სამუშაო ვერსია ეროვნულ ბანკში არის გაგზავნილი და მისი დამტკიცება უახლოეს მომავალში არის მოსალოდნელი.

“საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არის საკმაოდ დეტალური, ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საინვესტიციო რისკებს, ვადიანობებს, ბენჩმარკ პორტფელს და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტი ამჟამად ეროვნულ ბანკში იმყოფება. მოვა ჩვენამდე ეორვნული ბანკისგან და შემდეგ გარკვეულ იტერაციას გაივლის, ჩვენსა და ეროვნულ ბანკს შორის და მისი საბოლოო სახე საკმაოდ მოკლევადიან პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,”- ამბობს მელიქიძე.

კითხვაზე თუ ეთანხმება Galt & Taggart-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მთავრობისთვის გაკეთებულ რეკომენდაციას საპენსიო შენატანების დროებით შეჩერების შესახებ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხობს, რომ მართალია დამსაქმებლებისთვის ეს მართლაც იქნება შეღავათი, მისი შეჩერებით საფინანსო სისტემა ლარის საინვესტიციო კაპიტალს დაკარგავს.

“ვერ ვხედავ საჩქაროდ ამის საჭიროებას, იქიდან გამომდინარე, რომ ამან შეიძლება ძალიან პატარა ეფექტი მოგვცეს კომპანიების დონეზე, თუმცა მეორეს მხრივ, აჩერებს ლარის საინვესტიციო კაპიტალს, რომელიც ლიკვიდურობას აწვდის ეკონომიკას და გვაძლევს მინიმუმ მოკლევადიან მდგრადობას ეკონომიკაში, ასე რომ ამის გაჩერების საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ,”- ამბობს საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედების მიუხედავად, მთელი გასული წლის განმავლობაში სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი არ ჰყოლია, 2020 წლის თებერვალში კი, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ამ თანამდებობაზე ერთი თვის ვადით დავით წიკლაური დაამტკიცა, რომელმაც საპენსიო სააგენტოს აქტივების ინვესტირების პროცესი დაიწყო. შედეგად, 575 მილიონი ლარი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსდა.

ამ დროისთვის საპენსიო ფონდის ზომა 674 მილიონ ლარს შეადგენს.

ინტერვიუ გოგა მელიქიძესთან: