მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Map-ს განახლებული ფუნქცია აქვს - რუკებზე დატანილი ხანძრები

61559f5071089
თათია კაკიაშვილი
01.10.21 00:30
1310
Google Map-ს განახლებული ფუნქცია აქვს: ის რუკაზე ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციას დაიტანს, რითაც მოსახლეობის ინფორმირების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვას გააიოლებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს სიახლე Google-ში სულ ცოტა ხნის წინ დააანონსეს. ტექნოლოგიურ გიგანტში ისიც განაცხადეს, რომ ახალი ფუნქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა აპლიკაციაში ის უბრალოდ უნდა გაააქტიურონ და ინფორმაციას - ხანძრების შესახებ დაუყოვნებლივ მიიღებენ. ეს სიახლე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტყის ხანძრების პერიოდში იქნება, როცა, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყანაში ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩნდება.

Google Map-ს რუკაზე ახალი, ზედა ფენა დაემატება, რომელიც როგორც პატარა, ასევე ტყის მასივების მასშტაბურ ხანძრებს გრაფიკულად აღბეჭდავს. აპლიკაცია ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საგანგებო სიგნალსაც ჩართავს, რათა მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობოს. Google-ში აცხადებენ, რომ ახალი ფუნქცია თავდაპირველად აშშ-ის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, აპლიკაციის მომხმარებლებს შეეძლებათ, კონკრეტული ლოკაციის მითითებით ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია. აპლიკაციაზე ასევე გამოჩნდება ინფორმაცია ევაკუაციის შესახებაც. Google Map-ი უზრუნველყოფს იმასაც, რომ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დამწვარი ტერიტორიის, გადაკეტილი გზების და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროულად განაახლოს. წლის ბოლოს Google Map-ის ახალი ფუნქციით სარგებლობა ავსტრალიაშიც იქნება შესაძლებელი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გამანადგურებელი ხანძარი აღირიცხა.

Google-ში აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა აპლიკაცია Google Map-ს ყოველთვიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, მსგავსი სიახლის დანერგვა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას ისიც, რომ Google-მა მსგავსი ფუნქციის დანერგვა ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის სატელიტური მონაცემების დახმარებით მოახერხა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეირჩა აშშ Google Map-ის ახალი ფუნქციის პირველ მასპინძელ ქვეყნად, კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ყველაზე დიდი რაოდენობის ხანძრებია: მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში შტატებში ტყის 43,000 ხანძარი აღირიცხა, მართალია, მათგან ბევრი მცირე მასშტაბის იყო, თუმცა საცხოვრებელი სახლების და, რაც მთავარია, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის - მაინც საფრთხისშემცველია.

დაბოლოს, იმისთვის, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენცია მოხდეს, Google Map-ი აპლიკაციაში ტყის ხანძრების შესახებ მონაცემებს აშშ-ის ეროვნულ უწყებათაშორის სახანძრო ცენტრზე დაყრდნობით დაიტანს და ხანძრების შესახებ დეტალებს ყოველ ერთ საათში ერთხელ განაახლებს.

Google Map-ის ახალი ფუნქცია Android სმარტფონებისთვის ამ კვირაშივე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო iphone-სა და კომპიუტერებისთვის - ოქტომბრის პირველი ნახევრიდან.