მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GPI - ჩვენი ინფორმაციით, კომერციული ვაქცინა ბაზარზე უახლოეს კვირებში გაჩნდება

604b6f0c39661
ინგა მურუსიძე
12.03.21 18:26
2498
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ქვეყანაში კომერციული ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც სტამბოლიშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განმარტა, სადაზღვევო კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ქართველ იმპორტიორებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ, ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანონ.

„ძალიან გვიხარია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იწყება მომავალი კვირიდან, თუმცა სახელმწიფოს პრიორიტეტი არის რისკ-ჯგუფების აცრა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის და ხანდაზმულების. რაც შეეხება მოსახლეობის სხვა ნაწილს, ეს პროცესი ჯერჯერობით არ იწყება. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, ან შემდეგ წლამდე გადაიწევს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დასაქმებულია და ქმნის დოვლათს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს აცრილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა, ამოქმედდეს ტურიზმი და, საბოლოოდ, მოიხსნას ყველანაირი შეზღუდვა. ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე გავხადოთ ხელმისაწვდომი მოსახლეობის ამ ნაწილისთვის, ამიტომ ვესაუბრებით რამდენიმე ჯგუფს, რომლებსაც, თავის მხრივ, მომწოდებლებთან აქვთ კონტაქტი და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს კვირებში გაჩნდება კომერციული ვაქცინა ბაზარზე“, - განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ცდილობს დაადგინოს, თუ როგორია მოთხოვნა ბაზარზე, მათ შორის სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლებში.

„ჩვენს თანამშრომლებს რაც შეეხება, თითქმის სრულად დაფინანსდება ვაქცინაციის ხარჯები. ასევე, გვინდა, რომ ჩვენ მიერ დაზღვეული კომპანიების თანამშრომლებს შეღავათიანი პირობებით შევთავაზოთ ვაქცინა, რომელიც კომერციული გზებით შემოვა საქართველოში. ეს პროცესი დაწყებულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება. 100%-იანი, გარანტირებული პასუხები არ გვაქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება.

ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ იმპორტიორებთან, ამწუთას საუბარია „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინაზე, რომელიც უახლოეს მომავალში შემოვა“, - ამბობს სტამბოლიშვილი.

გარდა ამისა, ვაქცინის მიმართ ნდობის გასაზრდელად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 700-მდე თანამშრომელთან საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას მართავს.