მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონის მიღებით ცივილიზებულ ქვეყნებს შევუერთდებით" - სტამბოლიშვილი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევაზე

63fdae3859850
სალომე ხიდურელი
28.02.23 11:42
923
„იმედი გვაქვს, რომ საქართველო აღარ იქნება იმ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნების რიცხვში, სადაც ავტომფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევის კანონი არ მოქმედებს“, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა თინათინ სტამბოლიშვილმა გადაცემა BMG Drive-ში განაცხადა.

„არა მარტო ჩვენს რეგიონში, აფრიკის ქვეყნებშიც კი, თითქმის ყველგანაა ეს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სხვისი ქონების დაზარალების შემთხვევაში ზიანი აუნაზღაურდეს. კანონის მიღებით ჩვენც ცივილიზებულ ქვეყნებში ჩავეწერებით, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ეკონომიკური ურთიერთობების მიხედვით.

ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის და, რაც მთავარია, თუ უცხოეთის მოქალაქე ვინმეს დააზიანებს, მისი დევნა აღარ გიწევს, ეს პრობლემა მოხსნილია. განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანაში მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადი მივიღეთ, ეს კანონი აქტუალურია", - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა. თუმცა, მას შემდეგ მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. გასულ კვირას კი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მესამე პირის დაზღვევის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს ხელახლა წარუდგენს. მისი ვარაუდით, საკანონმდებლო ორგანო კანონს საგაზაფხულო სესიაზევე მიიღებს. 

კითხვაზე, რამდენად არის საქართველოს მოსახლეობა მზად, სავალდებულო დაზღვევა სასიკეთო რეფორმად აღიქვას, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბაზარზე საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნა და მიმღებლობა საკმაოდ მაღალია.

„ჩვენივე ძალებით ჩავატარეთ საზოგადოებრივ აზრის რამდენიმე გამოკითხვა და იკვეთება თითქმის ერთსულოვანი დადებითი დამოკიდებულება მძღოლებისგან კითხვაზე, გინდათ თუ არა იყოთ დაზღვეულები იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ზარალი მოგაყენათ, ან თავად დააზიანეთ სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ დაზღვევის ტარიფი იქნება უაღრესად ხელმისაწვდომი, კანონის მიმღებლობა მაღალია.

გარდა ამისა, მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ძირითადად ერიდებიან ტაქსების დაზღვევას, მძღოლებისგან კი მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებასაც კანონის ფარგლებში შევძლებთ. ვერ ვხედავ, რომ საზოგადოებისგან დიდი წინააღმდეგობა წამოვა“, - აღნიშნავს თინათინ სტამბოლიშვილი.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არიან ხელისუფლება და სადაზღვევო სექტორი მზად, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისათვის, სტამბოლიშვილის თქმით, უარყოფითი შედეგების რისკი საკმაოდ დაბალია.

„როგორც ყველა სხვა კანონისთვის, აქაც დაგვჭირდება მაკონტროლებელი ორგანოს ჩართვა, ასევე მოგვიწევს, მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშაოთ და კანონის სიკეთეებში დავარწმუნოთ. თუმცა, თუ იქნება სახელმწიფოსგან სურვილი, რომ კანონი ყველა შესაბამისი მექანიზმის დაცვით აღსრულდეს, მაშინ უკმაყოფილების რისკი არ არის.

თავად სადაზღვევო სექტორი ფინანსურადაც და ინტელექტუალურადაც ერთ-ერთი უძლიერესი სექტორია რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვიცით, როგორ ვმართოთ რისკები. ამიტომ სურვილი გვაქვს, რომ წელს მაინც მივიღოთ აღნიშნული კანონი და ეტაპობრივად მისი ასრულებაც დაიწყოს, რათა საზოგადოებაც მიეჩვიოს მას.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღება ევროასოცირების ხელშეკრულების ნაწილიცაა და, ვფიქრობთ, ჰარმონიზაციის პროცესში ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები