„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კომუნიკაციების დირექტორის განცხადებით, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ აქციონერები საქართველოდან გასვლაზე ფიქრობენ. ამის შესახებ თინათინ სტამბოლიშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას გასული კვირის ბოლოს, ევროკავშირის ელჩთან, აშშ-ს სავაჭრო პალატისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების ინიციატივით, ბიზნესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე, არაერთი სექტორის წარმომადგენლის მხრიდან, როგორიცაა უძრავი ქონების სექტორი, ტურიზმი, თუ საცალო ვაჭრობა საუბრობენ იმ საგრძნობ ცვლილებებზე, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში მოლაპარაკებების შეჩერებამ განაპირობა.
„ამ პერსპექტივების გაქრობა ძალიან უარყოფითად აისახება ინვესტორების მოძიებაზე და არაერთმა მსხვილი კომპანიის წარმომადგენელმა პირად კომუნიკაციებში აღნიშნა, რომ აქციონერები ნერვიულობენ და საქართველოდან გასვლაზე ფიქრობენ. უკვე ძალიან ჭირს და თითქმის შეუძლებელია ნორმალური საინვესტიციო ფონდებიდან კაპიტალის მოძიება, რადგან საქართველო უკვე სხვა რანგში გადავიდა და სხვა რისკის ქვეყანაა“, - ამბობს კომპანიის კომუნიკაციის დირექტორი და დასძენს, რომ არსებული მოვლენები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზეც აისახება.
თინათინ სტამბოლიშვილმა ევროკავშირის ელჩის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმა არა მხოლოდ ბიუჯეტისთვისაა დანაკლისი, არამედ ეს თანხები დააკლდება რეფორმებსა თუ პროექტებს.
„შეხვედრაზე, ელჩმა ჰერჩინსკიმ პირველ საკითხად მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც 2028 წლამდე მოლაპარაკების გადადებას გულისხმობდა. ამ პროცესის გადადება ნიშნავს, გაუქმებას, რადგან როგორც ელჩმა აღნიშნა, გაფართოების ფანჯარა არის ღია. ეს არის იმის გამო, რომ რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინაში. გაფართოების ეს ტალღები არ ხდება ყოველთვის. მაგალითად ბოლო ტალღა 20 წლის წინ იყო და მან თქვა, რომ ეს ტალღა მალე დაიხურება. შეიძლება მომავალი თაობა ან თაობები ამ სიტუაციებში ჩარჩეს, რომ ევროინტეგრაცია იქნება ძალიან შორს. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე, ევროკავშირს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია, რომ ხვალიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, თითქმის შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ რაიმე შედეგი მოჰყვეს. ჩვენც ვხედავთ, რომ ურთიერთობები სხვა განზომილებაშია გადასული.
გარდა ამისა, ის რომ საბიუჯეტო დახმარება შეჩერდა, ეს არა მხოლოდ მონეტარული დანაკლისია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის იმ დახმარებების შეჩერება, რომელიც საქართველოში რეფორმებს ხმარდება და არაერთი ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიცაა საგადასახადო, საბაჟო ან სხვა ფინანსური სექტორებისთვის მნიშვნელოვანია. იგივე შუა დერეფნის და ტრანზიტთან დაკავშირებული უზარმაზარი პროექტია შეჩერებული, რაც უზრუნველყოფდა გაციფრულებას“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.