მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრს კარტოფილი მიწაში დარჩება" - ახალქალაქში ნალექი მოსავლის აღებას აფერხებს

კარტოფილი

ახალქალაქსა და ახალციხეში კარტოფილის მოსავლის აღების პროცესი წვიმიანი ამინდის გამო ფერხდება. ადგილობრივი მწარმოებლები შიშობენ, რომ თუ ამინდი არ გამოიდარებს, მოსავლის ნაწილის აღებას ვეღარ მოასწრებენ. კარტოფილის მწარმოებელი, ილია ყავრელიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ სველი ნიადაგი სამუშაოების გაგრძელებას შეუძლებელს ხდის, ხოლო აღებული ტალახიანი პროდუქციის რეალიზაცია დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ყავრელიშვილის თქმით, მას ამ ეტაპზე დაახლოებით 400 ტონა კარტოფილი აქვს დასაბინავებელი, თუმცა არსებული ამინდის პირობებში მოსავლის აღების განახლება, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება. მისი შეფასებით, თუ წვიმიანი ამინდი გაგრძელდება და ჯავახეთში თოვლი მოვა, ფერმერების ნაწილს მოსავალი მიწაში დარჩება.

„კლიმატური პირობების გამო ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მოსავლის დიდი ნაწილი შეიძლება მიწაში დაგვრჩეს, რადგან ვერ მოვახერხებთ ამ კლიმატურ პირობებში მოსავლის სრულად დაბინავებას. პირადად მე დაახლოებით 400 ტონა კარტოფილი კიდევ დასაბინავებელი მაქვს, მაგრამ ისეთი წვიმებია, რომ მინიმუმ ერთი კვირა სამუშაოების განახლებაც კი შეუძლებელია“, - აცხადებს ილია ყავრელიშვილი.

მისი განმარტებით, პრობლემა მხოლოდ მოსავლის აღების გადავადება არ არის. წვიმის შემდეგ ნიადაგიდან ამოღებული კარტოფილი სველი და ტალახიანია, რაც როგორც მოსავლის აღების პროცესს, ისე პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და რეალიზაციას ართულებს.

„წვიმაში მოსავლის აღებას ვერ ვახერხებთ. ამასთან, მუშახელსაც ვერ მოვთხოვთ, რომ ძალიან ცუდი, სველი და ტალახიანი კარტოფილი მოკრიფოს. ასეთ მდგომარეობაში პროდუქციის რეალიზაციასაც ვერსად შევძლებთ. გვიწევს ლოდინი, რომ ნიადაგი შედარებით გაშრეს და ამინდი გამოიდაროს. მაგრამ ამ ლოდინში შეიძლება იმდენი დრო გავიდეს, რომ ჯავახეთის კლიმატურ პირობებში ხვალ ან ზეგ უკვე თოვლი მოვიდეს და ბევრს მოსავალი დაუბინავებელი დარჩეს“, - ამბობს მწარმოებელი.

ყავრელიშვილის თქმით, კარტოფილის მოსავლის აღების შეფერხება ბაზარზე მიწოდებაზეც შეიძლება აისახოს. თუ ფერმერები პროდუქციის სრულად აღებასა და დასაწყობებას ვერ შეძლებენ, ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი კარტოფილის რაოდენობა შემცირდება. სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს ის ფასების შესაძლო ზრდას, თუმცა კონკრეტულ პროგნოზს არ ასახელებს.

ამჟამად, მწარმოებლის ინფორმაციით, კარტოფილის ადგილზე გასაყიდი ფასი 50-70 თეთრის ფარგლებშია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 85 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობდა. ამასთან, მისი შეფასებით, წარმოების თვითღირებულება დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, რაც დაბალი სარეალიზაციო ფასის პირობებში ფერმერების ფინანსურ მდგომარეობაზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

მოსავლის დაკარგვისა და ფინანსური ზარალის რისკის გათვალისწინებით, ყავრელიშვილი სახელმწიფოსგან ფერმერების მხარდაჭერას ელოდება. მისი თქმით, კარტოფილის მწარმოებლებს წინა წლებშიც ჰქონიათ პერიოდები, როდესაც სარეალიზაციო ფასი წარმოების ხარჯებს ვერ ფარავდა, თუმცა, მისივე განცხადებით, მათთვის საწვავის, სასუქის ან სხვა დანახარჯების სუბსიდირების მექანიზმი არ ამოქმედებულა.

„იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ან ვინმე მაინც მხარში დაგვიდგება ფერმერებს, რათა მომავალში ისეთი კრიზისი არ შეგვექმნას, რომ ადგილობრივი ბაზრის ნაწილის დაკმაყოფილებაც ვერ შევძლოთ. თუ კარტოფილის ფასსა და თვითღირებულებას წლების განმავლობაში გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯერ არ დაგვდგომია გვერდში. საჭიროა, გარკვეული მხარდაჭერა იყოს, თუნდაც საწვავის ან სასუქის მიმართულებით, რომ მწარმოებლებისთვის თვითღირებულება შემცირდეს“, - აცხადებს ილია ყავრელიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები