მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი

ნუში და კაკალი

ნუშისა და კაკლის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოსავლის დროული აღება და დაბინავება რჩება. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან ქვარიანმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, არსებული გადამმუშავებელი სიმძლავრეები ამ ეტაპზე ქვეყანაში წარმოებულ მოცულობებს აკმაყოფილებს, თუმცა პრობლემურია მოსავლის გადამუშავებამდე შენარჩუნება.

ქვარიანის ინფორმაციით, ნუშის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია და მომდევნო 10 დღის განმავლობაში პროცესი უფრო გააქტიურდება, კაკლის კრეფა კი დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. მისივე თქმით, ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული მიღება და გაშრობა, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო.

„უფრო პრობლემატურად ვხედავთ მოსავლის აღებას და დაბინავებას, სანამ მივალთ გადამუშავებამდე. ფერმერს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი მოწყობა ბაღში, დროულად მიღება, დროულად გაშრობა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცოტა პრობლემები არის“, - განაცხადა ქვარიანმა.

მისი შეფასებით, პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ფინანსურ რესურსებს, რადგან როგორც ბაღში, ისე შესანახ მეურნეობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ქვარიანის განმარტებით, ნუშისა და კაკლის შემთხვევაში მოსავლის დროული და სათანადო პირობებში დაბინავება კრიტიკულია, რადგან პროდუქტის შემდგომი გადამუშავება რამდენიმე თვის შემდეგაც არის შესაძლებელი. ამ მხრივ ყველაზე რთული პერიოდი სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები