მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ქვარიანი: ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა

კაკალი და თხილი

ნუშის ფერმერების მიერ მიღებული შემოსავალი მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან ქვარიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ნუშისა და კაკლის ფასების რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ადგილობრივ დონეზე ფერმერისთვის მისაღები ფასი გაიზარდა.

„ადგილზე მე ვიტყოდი, რომ ფერმერის ფასი გაიზარდა. განსაკუთრებით ნუშის შემთხვევაში, იმიტომ რომ ზოგადად კონკურენციაც არსებობს უკვე ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენცია, ასევე თვითონ გადამმუშავებლებს შორის და ფერმერმა წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით მეტი შემოსავალი მიიღო“, - განაცხადა ქვარიანმა.

მისივე შეფასებით, საერთაშორისო ფასების დინამიკა დიდწილად მოსავლის საბოლოო მოცულობებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალიფორნიის მოსავლის საბოლოო შედეგი, რის შემდეგაც ბაზარზე ფასების მიმართულებით უფრო მკაფიო სურათი იქნება.

ქვარიანი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა არც ნუშისა და არც კაკლის შემთხვევაში რადიკალურ ზრდას არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები