„ნაგვის ფასს გვაძლევენ“, - ამბობენ მევენახეები, რომლებიც უკვე მეორე დღეა ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული ავტომობილებით არიან გაჩერებული. მათი ნაწილი TV პირველთან აცხადებს, რომ დაკრეფილი მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს და შესყიდვის პირობების შეცვლას ითხოვს.
ერთ-ერთი ფერმერი მიიჩნევს, რომ ყურძნის ფასი მინიმუმ 80-90 თეთრი უნდა იყოს და არსებული პირობებით მევენახეების შრომა სათანადოდ არ ფასდება.
„ნაგვის ფასად გვაძლევენ. გამოვიდნენ და დაგვცინეს გუშინ, რომ 30 თეთრიაო. საშუალოდ ხომ უნდა იყოს 80-90 თეთრი მაინც, რომ ამათმა ეს ყურძნები ჩააბარონ. ეს ხალხი არ ეცოდებათ ამათ?“, - აცხადებს ის.
ერთ-ერთი მევენახე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ წლების წინ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით საფერავის ვენახები გააშენეს, რის გამოც დღევანდელი პირობები მათთვის განსაკუთრებით მძიმეა. მისი თქმით, ყურძნის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და არსებული ფასი რეალურ დანახარჯებს ვერ ასახავს.
„[სახელმწიფოს] მითითებული ჰქონდა, რომ გინდა თუ არა, ზუსტად საფერავი უნდა აგვეშენებინა და იმაზე იძლეოდნენ კრედიტებს, სხვა არაფერზე. ავაშენეთ ეს ვენახები. დღესდღეობით რა დღეში გვყრიან. ლარ-ნახევარი უმაღლეს ხარისხში ფასი არის ახლა, ხალხო? ერთი კილო ყურძნის მოყვანა რა ჯდება? საწვავი რა ფასია, შხამქიმიკატი რა ფასია“, - ამბობს მევენახე.
სხვა ფერმერისთვის მთავარი პრობლემა 30-თეთრიანი ტარიფია. მისი თქმით, ამ ფასად მიღებული შემოსავალი ოჯახური ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი არ არის.
„30 თეთრიო - ეს 30 თეთრი ჩვენი მოთხოვნაა, რომ საერთოდ ამოიღონ ფასიდან. შვილები სტუდენტები მყავს, შენახვა არ უნდა კაცო? ბინის ქირა უნდა. რით შევინახო, რით ვიარსებო? ქურდობა დავიწყო, ყაჩაღობა დავიწყო, ქვეყნიდან წავიდე კაცო, ქვეყნიდან გავიქცე კაცო. გაგვწირეს რა“, - აცხადებს ის.
მევენახეების ნაწილი შაქრიანობის განსაზღვრის პროცესსაც აკრიტიკებს. მათი თქმით, სახლში მიღებული მაჩვენებელი საწარმოში შემოწმებისას ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც საბოლოოდ ჩასაბარებელ ფასზეც აისახება.
„სახლში რომ ვზომავთ ყურძენს, 19, 20, 21 [გრადუსი] გამოდის. აქ მოვდივართ და 17 გამოჰყავთ, რომ 90-თეთრიანში და მერე 30-თეთრიანში მოგვახვედრონ. თუ გრადუსი მაინც გამოუვიდა, მერე რას აკეთებენ? ხარისხს იწუნებენ - ხარისხი არ ვარგაო. საბოლოოდ, იმის მიუხედავად, რა მაჩვენებელი აქვს ყურძენს, მაინც 90- და 30-თეთრიან კატეგორიებში გადაჰყავთ. მიზანმიმართულად არის ყველაფერი გაკეთებული“, - აცხადებს მევენახე.
კიდევ ერთი მევენახე ყურადღებას უკვე დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების გაჭიანურებაზე ამახვილებს. მისი თქმით, მოსავლის ადგილზე გაჩერება დამატებით რისკს ქმნის, რადგან ყურძნის ხარისხი დროთა განმავლობაში უარესდება.
„30 თეთრს რომ გვიწერენ, მუშის ფული და მანქანის ფული არ არის აქამდე, ყურძენი რომ მოვიტანოთ. დანარჩენი რამდენი შრომა უნდა. ერთი მანქანა დავკრიფე გუშინ, პირველი მანქანაა. ერთი, 15 მანქანა დასაკრეფი მაქვს. ის ხომ ფუჭდება თავისებურად. ძალამოსული ყურძენი რომ არის, უკვე სუნს იღებს“, - აცხადებს მევენახე.
ფერმერების კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ რთველის პერიოდში მათ საბანკო და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც უწევთ. ერთ-ერთი მათგანი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განსხვავებული ფასის მქონე ყურძნის ერთსა და იმავე საწარმოო პროცესში მოხვედრას.
„მესიჯი მომივიდა [ბანკიდან], შემოსატანი გაქვს თანხაო. საიდან შევიტანო? ამოდენა ბანკის ვალები აქვთ ხალხს, იმას აფიქრებინებს, რომ ბანკის ვალები რით გადაიხადოს. იმას კი არ აფიქრებინებს, რომ ოჯახი არჩინოს. 30-კაპიკიანი ყურძენი, 90-კაპიკიანი ყურძენი და ლარ-ნახევრიანი ყურძენი ერთი და იგივე ბუნკერში იწურება. თუ ეს პირობები იმიტომ შემოიღეს, რომ მათი ღვინო ევროპასა და მსოფლიო ბაზრებზე უნდა გაიტანონ, მაშინ კითხვა მაქვს - რატომ იწურება სხვადასხვა ფასად ჩაბარებული ყურძენი ერთსა და იმავე ბუნკერში?“, - ამბობს მევენახე.
























