მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანდ ელექტრონიქსი": ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა

5eb981dd2db69
ნუცა ბაზლიძე
11.05.20 22:40
1545
„ფასების ზრდა, უმეტესწილად, ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციული იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკის 100% იმპორტირებულია და შესაბამისად, სავალუტო საკითხებთან მიმართებაში, უფრო მგრძნობიარეა. ბოლოდროინდელმა ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა“, - ამის შესახებ „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჭედიამ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჭედიამ აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქების გათვალისწინებით, „გრანდ ელექტრონიქსის“ 4 ფილიალიდან, 2 მათგანში - გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, მუშაობა განახლდა, ვინაიდან ამ მაღაზიებს შესასვლელი ქუჩიდან აქვთ.

მისივე განმარტებით, კომპანია ორიენტირებულია, რომ დაიცვას ყველა რეკომენდაცია. ეს, თავის მხრივ, მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მონიტორინგს ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი ჭედიამ განაცხადა, რომ მაღაზიაში დაიშვება მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობა და მათ აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.

„პირველ რიგში, მომხმარებელი გადის დეზობარიერს, ამის შემდეგ, მოწმდება მისი ტემპერატურა. შემდგომ, გათვალისწინებულია ხელის ხსნარებით დამუშავება, ასევე, დისტანციის დაცვა, რასაც ამარტივებს იატაკზე განთავსებული ნიშნულები“, - განმარტავს გიორგი ჭედია.

გადაცემაში საუბრისას, „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციული დირექტორი პანდემიის პირობებში, თანამშრომლების მუშაობის კუთხით არსებულ ცვლილებებსაც შეეხო.

„პანდემია დამატებითი ხარჯიც არის. თებერვალი და მარტი ტექნიკის სფეროში ყველაზე პასიური პერიოდია და ამას დაემატა მუშაობის პროცესის სრული გაყინვა. თანამშრომლების ნაწილი იყო დასაქმებული ინტერნეტგაყიდვებით იმ პერიოდში, როცა ეს დაშვებული იყო, მაგრამ გარდაუვალი აღმოჩნდა გარკვეული ნაწილის უხელფასო შვებულებაში გაშვება; თუმცა, სამუშაო ადგილი ყველას შეუნარჩუნდა“, - დასძენს გიორგი ჭედია.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან გაიხსნა ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.