სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Elit Electronics-ი საქართველოს საზღვრებს გასცდა და აზერბაიჯანში 30-წლიანი გამოცდილების მქონე Optimal-ის ქსელი შეიძინა. ამის შესახებ Elit Electronics-ის გენერალურმა დირექტორმა, ლადო ჯობავამ, BMG-ის განუცხადა.
“Elit Electronics-ის ახალმა კონცეფციამ ამიერკავკასიაში ჩვენს გაფართოებას დაუდო საფუძველი. გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით აზერბაიჯანის ბაზარზე, სადაც შევიძინეთ მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მათთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, იქაც შევქმნით განსაკუთრებულ ღირებულებებს მომხმარებლებისთვის. კომპანიას, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ აზერბაიჯანის ბაზარზე, Elit Optimal ერქმევა”, - ამბობს ლადო ჯობავა და დასძენს, რომ აზერბაიჯანში ახალი ქსელი 30 მაღაზიას მოიცავს, თუმცა კომპანია ამ რიცხვის 40-მდე გაზრდას გეგმავს.
ლადო ჯობავამ სიახლის შესახებ ბათუმში, Elit Electronics-ის ახალი ფილიალის გახსნაზე განაცხადა.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ვინაიდან აქ, ბათუმში, გავხსენით ახალი კონცეფციის მაღაზია. ეს კონცეფცია ჩვენ წინა წელს თბილისში შევქმენით. ის მოიცავს მთლიანი სახლის ერთი ადგილიდან დაკომპლექტების შესაძლებლობას. ეს კონცეფცია უნიკალურია, მომხმარებლებს შეუძლიათ, მოვიდნენ, შეიძინონ ავეჯი, ტექნიკა, ასევე საჭირო სერვისები ჩვენს მაღაზიათა ქსელში”, - ამბობს ლადო ჯობავა.
Elit Electronics-ის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას ამ დრომდე 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, როგორებიცაა Cilia Italia, Nobilia და სხვ.