მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრივნა გამორჩეულია, ლარი მცირედით გამყარებული - კვირის სავალუტო მიმოხილვა (03.12 – 10.12)

61b623507ef5d
ეგნატე შამუგია
13.12.21 08:00
1095
ლარმა გამყარების ტენდენცია დაიბრუნა. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.095 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.107-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.38%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას 0.70%-ით იყო გაუფასურებული. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 0.56%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა, ხოლო მესამე კვირას კი - 1.30%-იანი გამყარებით. ამდენად, გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლით კურსი, დოლართა მიმართებით, 1.27%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, უფრო მეტით, 6.00%-იანი გამყარებით გამოირჩევა. აღნიშნულ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ლარი ყველზე მეტითაა გამყარებული, ხოლო ყველაზე მეტით გაუფასურებული თურქული ლირაა.
 
წლის დასაწყისიდან დღემდე ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 86.10%-ითაა გაუფასურებული. ამ უკანასკნელის მკვეთრი გაუფასურება კი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „მონეტარულ ექსპერიმენტს“ - მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ ცენტრალური ბანკის წნეხს და ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.05%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 11.64%-ით იყო გაუფასურებული და მეოთხე კვირას კი - 7.79%-ით. ამდენად, ნოემბერში თურქეთის ეროვნული ვალუტა 41.228%-ით გაუფასურდა. თუმცა, თურქული ვალუტა მხოლოდ გასული თვლის მკვეთრი გაუფასურებით არ გამოირჩევა, რადგან ეს უკანასკნელი წინა თვეებშიც უფასურდებოდა. მაგალითად, ოქტომბერში ლირის გაუფასურებამ 8.45% შეადგინა.

ლირის გარდა, გასულ კვირას კიდევ სომხური დრამი, იაპონური იენი და ევრო გაუფასურდა. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.72%-ით გაუფასურდა, რაც ნოემბერში 2.10%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.06%-ითაა გამყარებული. დრამის შემდეგ კი, იაპონური იენი 0.65%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 10.01%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 8.22%-ითაა გაუფასურებული, რაც დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას 0.23%-ით გაუფასურდა.

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შემდეგ, შერჩეულთა შორის სამი ვალუტა გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით უკრაინული გრივნაა გამყარებული. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით უკრაინული ვალუტა 1.06%-ით გამყარდა, რაც ოქტომბერში 3.35%-ით იყო გაუფასურებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.59%-ითაა გამყარებული. გრივნის შემდეგ კი, 0.36%-იანი გამყარებით რუსული რუბლია. აღნიშნული ვალუტის გამყარება წინა კვირა გაცილებით მაღალი, 2.49% იყო. რუბლის მდგომარეობა წლიურ ჭრილშიც პოზიტიურია, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე 0.58%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 03.12 – 10.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 06.12 – 10.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას, ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირისგან განსხვავებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარების ფონზე, შედარებით უფრო სტაბილური იყო. თუკი წინა კვირას ლარის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.67%-ით იხრებოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.27% იყო. თუმცა, ლარზე მეტად სტაბილური იაპონური იენი (0.07%), ჩინური იუანი (0.21%) და ევრო (0.25%) იყო. მკვეთრი არასტაბილურობით კი კვლავ თურქული ლირა გამოირჩეოდა. დეკემბრის პირველ კვირას ლირის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.04%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 2.85% იყო. ნოემბრის მეოთხე და მესამე კვირას კი თურქული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა გაცილებით მაღალი, 4.28% და 4.76% იყო. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას თურქული ვალუტის შემდეგ მაღალი,1.03% მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩევა, რომელიც წინა კვირას ერთ-ერთი ყველზე სტაბილური ვალუტა იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 03.12/10.12 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს წინა პერიოდის პოზიციები დაკარგული ჰქონდა, ეროვნული ვალუტის პოზიციები გასულ კვირას აღდგა. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას, გარდა უკრაინული გრივნისა, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. თავად გრივნა კი გასულ კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 1.06%-ითაა გამყარებული, ხოლო ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მასთან მიმართებით 0.43%-ით გაუფასურდა. დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი კურსი საშუალოდ 1.10%-ითაა გამყარებული. მათ შორის, ყველაზე მეტით კვლავ თურქულ ლირასთან მიმართებით. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.58%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 10.33% იყო, ხოლო ნოემბრის მეოთხე კვირას კი - 8.55%. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი კურსი ლირასთან 49.26%-ითაა გამყარებული. გარდა ლირისა, გასულ კვირას ლარის კურსი შედარებით მაღალი ნიშნულით სომხურ დრამთანაც გამყარდა. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, ლართან მიმართებით 1.35%-ითაა გაუფასურებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი, 0.29%-ია. ლარი გასულ კვირას დრამის შემდეგ, მაღალი ნიშნულით, 1.27%-ით ბრიტანულ სტერლინგთან გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას ლარი შერჩეული ვალუტებიდან, გრივნის გარდა, ყველასთან გამყარდა. ამდენად, დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.07%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირასაც 0.91% იყო. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 131.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.38%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ არასტაბილურობას ასახავს, რადგან ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.36% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის შემცირებაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური. გაცვლითი კურსის ინდექსი 18.19%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 16.78% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.