COVID-19-ის პანდემიის შედეგად, 2020 წელს, ონლაინ სასურსათო სექტორი საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის ლიდერი მოთამაშე გახდა. სურსათის გაყიდვების ღირებულების მოცულობის ზრდის წყალობით, ელექტრონულ ვაჭრობაში „გუდვილმა“ (3.5%) „ამაზონსაც“ (3.3%) კი გადაასწრო.
„მაშინ, როდესაც შუამავალი კომერციული პარტნიორები ლიდერობდნენ გაყიდვების ღირებულებით (6.7%), 2020 წელს საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის ლიდერი მოთამაშე „გუდვილი“ იყო (3.5%), რომელსაც საგრძნობი ზრდა ჰქონდა საკვები და სასმელი პროდუქტების გაყიდვების ღირებულებაში, რადგან მომხმარებლები, კოვიდ-19-ის გამო, ფიზიკურ კონტაქტს თავს არიდებდნენ“, - ნათქვამია საბაზრო კვლევების საერთაშორისო მონიტორინგის კომპანია EUROMONITOR INTERNATIONAL-ის კვლევაში, საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის შესახებ.
კომპანიის მიერ ბაზრის ლიდერთა წილების გამოთვლის მეთოდოლოგია ეფუძნება საცალო ღირებულებას, გაყიდვების გადასახადების გამოკლებით.
ანგარიშის ავტორების თანახმად, „ელექტრონული ვაჭრობის საერთაშორისო ვებგვერდებზე ზეგავლენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იქონია“.
თუმცა, კვლევის თანახმად, ფართო ასორტიმენტისა და ცნობადობის წყალობით, საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას Amazon.com-იც იკავებს.