საქართველოს რითეილ სექტორში შემცირებული მოგებიანობის, მზარდი საგარეო წნეხისა და კადრების დეფიციტის ფონზე, ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიებისთვის არჩევანიდან კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების შენარჩუნების აუცილებელ პირობად იქცა - ამის შესახებ "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ინდუსტრია ამ საჭიროებას პრაქტიკული გამოწვევებიდან გამომდინარე მკაფიოდ ხედავს, ხოლო სახელმწიფო პლატფორმამ - ekalata.gov.ge-მ ბაზარზე ისედაც მძაფრი კონკურენცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
გიორგი ხაბაშვილის განმარტებით, მართალია ქართულ რითეილში ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის სიღრმისეულად დანერგილი, თუმცა სექტორის მოთამაშეებს - მათ შორის მათაც, ვისაც აქტიური ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს - ამ პროცესის აუცილებლობა სრულად აქვთ გააზრებული. ამის მთავარ მიზეზად "გუდვილის" გენერალური დირექტორი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ლოგისტიკური ჯაჭვის პრობლემებსა და მომგებიანობის მკვეთრ კლებას ასახელებს.
"ლოგისტიკა და ლოგისტიკური ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია პროდუქტის თვითღირებულებასთან და, შესაბამისად, რითეილერის ამონაგებსა და მარჟასთან. დღეს თვალსაჩინოა სიტუაცია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში მთლიანად სექტორის მოგების მარჟა - EBITDA მარჟა - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული: იყო 5.3% და ახლა არის 4%. ეს შემცირება გაგრძელდება და გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით არ მოხდა ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდა. ეს ყველას აქვს გააზრებული.
ჩვენს სექტორში ყველა რითეილერს საკმაოდ მაღალკვალიფიციური გუნდები ჰყავს როგორც ზოგადად მართვაში, ისე ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენს ქსელებს მკაფიოდ აქვთ გააზრებული და ფლობენ დეტალურ ინფორმაციას იმაზე, ამ თუ იმ გადაწყვეტის დანერგვამ ჩვენს მსგავს ინდუსტრიებსა და კომპანიებში რა შედეგები მოიტანა", - აღნიშნა ხაბაშვილმა.
ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად გიორგი ხაბაშვილი ციფრულ პლატფორმა ekalata.gov.ge-ს განიხილავს. მისი თქმით, მართალია საფასო ინფორმაცია ბაზარზე აქამდეც არსებობდა და კონკურენცია ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა ერთიან სივრცეში შეთავაზებების თავმოყრამ მომხმარებლისთვის ფასების შედარება ბევრად უფრო თვალსაჩინო გახადა, ქსელებს შორის მეტოქეობა კი დამატებით გაამძაფრა.
ხაბაშვილი ხაზს უსვამს, რომ პლატფორმაში ჩართულობა კომპანიების შიდა კომერციულ გადაწყვეტილებებზეც პირდაპირ აისახება, თუმცა იქვე აფრთხილებს გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ სექტორის რეგულირებისას კონკურენტული გარემო არ შეიზღუდოს.
"ekalata ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ტექნოლოგიების დანერგვით მომხმარებელიც და ყველა ჩართული მხარეც მოგებული რჩება. ყველა დამატებითი არხი, რომელიც დამატებითი კონკურენციის სივრცე და პლატფორმაა, რა თქმა უნდა, დამატებით სარგებელს იძლევა. ძალიან კარგია, რომ ყველა რითეილერი ცდილობს ekalata-ს ფარგლებშიც კონკურენციაში იყოს ერთმანეთთან და უკეთესი ფასები დადოს, ვიდრე კონკურენტს აქვს. როდესაც რითეილერები ერთიან სივრცეში უყურებენ, როგორ განსხვავდება მათი და სხვისი ფასი იდენტურ პროდუქტზე, მაგალითად, ჩვენი კომერციული დეპარტამენტი სპეციალურად აქცევს ყურადღებას - რატომ შეძლო სხვა ქსელმა ზუსტად იმავე პროდუქტზე უკეთესი ფასის წარდგენა და ჩვენ რატომ ვერ შევძელით. ეს დადებითი პროცესია, რადგან ყოველთვის ავითარებს ბიზნესს.
მეორე მხრივ, ნებისმიერი ჩარევა, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი - თუნდაც რითეილისა და მომწოდებლების ურთიერთობის მარეგულირებელი - ძალიან სიღრმისეულად უნდა იყოს გააზრებული, რათა რაიმე ფორმით კონკურენტუნარიანი გარემო არ შეზღუდოს. თუ კონკურენცია არ არის, ვერც კომპანიები იზრდებიან და ვერც ეკონომიკა. შეხედეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში რითეილის ზრდის ტემპს არა მხოლოდ გაყიდვების ციფრებში, არამედ ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისითაც - ეს ყველაფერი არ იარსებებდა, რომ არ იყოს უმძაფრესი კონკურენცია რითეილერებს შორის", - განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა.
კონკურენციისა და ფასწარმოქმნის თემიდან გამომდინარე, გიორგი ხაბაშვილი სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნასაც შეეხო. მისი თქმით, კვლევამ კვალიფიციურ დონეზე დაადასტურა ის სტრუქტურული ხარვეზები, რაზეც რითეილერები დიდი ხანია საუბრობენ - მათ შორის გრძელი და არაოპტიმალური ლოგისტიკური ჯაჭვი, სადაც შუამავლების სიმრავლე საბოლოო ფასზე აისახება. ამავდროულად, სექტორს მზარდი საგარეო წნეხის პირობებში უწევს მუშაობა, რაც იმპორტისა და ტრანსპორტირების ხარჯების ნახტომისებურ ზრდაში გამოიხატება.
"კომისიის მუშაობის შედეგი ძალიან ხელშესახები და კონკრეტული იყო იმ დასკვნის სახით, სადაც გასაკეთებელი საკითხები და გადასადგმელი ნაბიჯები გაიწერა, რომელთა შესრულებაც პროცესშია. საგარეო წნეხი უფრო და უფრო მძიმდება, რის გამოც ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, ფასები გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა. ჩვენი გამოცდილებით, დაახლოებით 5-6 წლის წინ ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთი სატვირთო მანქანით სახმელეთო გადაზიდვა 3 500-დან 3 800 ევრომდე ღირდა, ახლა კი არის მომენტები, როდესაც ფასები 10 000 ევრომდე ადის - ანუ ხარჯი 150-200%-ით არის გაზრდილი.
რა თქმა უნდა, საკუთარი ბრენდის (private label) განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ გზითაც აქტიურად მიდის რითეილი, მაგრამ იმდენად მასშტაბურ თემებზე ვსაუბრობთ, რომ თითოეული რითეილერის მხრიდან ასობით კვალიფიციური კადრის ჩართულობაც არ ეყოფა. ამიტომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, პროცესების მაქსიმალური გამართულობა და შემდეგ უკვე ციფრულ ჭრილში გადატანა გარდაუვალია იმისთვის, რომ ეს ჯაჭვები სწორად გაიმართოს", - განმარტა ხაბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ სექტორს ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა გაცნობიერებული აქვს, პროცესის ტემპს დიდი საინვესტიციო მოთხოვნები და ქართული ბაზრის სიმცირე აფერხებს. ხაბაშვილი მასშტაბების საილუსტრაციოდ ევროპულ ბაზართან შედარებას იშველიებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფაქტორის გამო, ქართული ქსელების გამსხვილება სექტორის გაძლიერებისთვის სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"ამ პროცესის დაჩქარებაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს თვითონ ბაზრის სიმცირე. ყველაზე რბილ მაგალითს მოვიყვან: გერმანიაში ერთი ქსელის ბრუნვა 75 მილიარდი ევროა, მაშინ როცა საქართველოში ყველა ქსელის ბრუნვა ერთად დაახლოებით 7-8 მილიარდი ევრო იქნება. ანუ ერთი გერმანული ქსელი 10-ჯერ დიდია, ვიდრე მთელი ჩვენი სექტორი, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპანიებზე, რომლებიც 100-ჯერ აღემატება საქართველოში არსებულ ყველა ქსელს ერთად აღებულს.
ამიტომ დღეს ყველა ტექნოლოგიური გადაწყვეტა იოლად ხელმისაწვდომი არ არის. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს, მნიშვნელოვანია ქსელების კიდევ უფრო გაძლიერება. სწორი და კარგი ნაბიჯები იყო სექტორისთვის, როდესაც ქსელების გამსხვილება მოხდა. ფრაგმენტირებულ ბაზარზე, სადაც ბევრი წვრილი მოთამაშეა, დიდი კომპანიების როლი გამოცდილების გაზიარების კუთხითაც მნიშვნელოვანია, თუმცა ცოდნის გაზიარების შემდეგ ამის აღსრულებას ფინანსური ძალაც სჭირდება", - ამბობს ის.
გიორგი ხაბაშვილმა ისიც განმარტა, თუ რა ფინანსური დარტყმა მიიღო სექტორმა 2026 წლის პირველ ნახევარში და აღნიშნა, რომ დარგში დამატებითი დაფინანსების მოზიდვას გადამწყვეტი ეფექტი ექნებოდა.
"რაღაცებში ვერ ვასწრებთ ისე სწრაფად ტექნოლოგიურ განვითარებას, როგორც გვინდა და სექტორმა მიიღო კიდეც დარტყმა - მოგებაში 1.3 პროცენტული პუნქტი დავკარგეთ. თუ 2026 წლის პირველ ნახევარში [FMCG ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის სექტორის] ჯამური ბრუნვა ₾13 მილიარდი იყო და ჩვენი სექტორის [ბრენდული ქსელების] წილი ამაში 41%-ს, ანუ დაახლოებით ₾5.3 მილიარდს შეადგენდა, ამ უკანასკნელის 1%-იც კი 50 მილიონ ლარზე მეტია - ანუ სექტორს მოგება ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტით შეუმცირდა.
მთლიანად სექტორმა ამას იმგვარი ხედვით უნდა შევხედოთ, რომ რამენაირად უნდა გამონახოს საშუალება - მათ შორის საბანკო თუ სხვა ტიპის დაფინანსების მოზიდვის გზით. დღეს სექტორში ერთიანად 50 მილიონი ლარი რომ ჩაიდოს, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კუთხით ძალიან სწრაფ და დიდ ნახტომს გავაკეთებთ წინ, რაც შემდგომ შესაბამის შედეგებსაც მოიტანს", - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.
























