მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ცვლის ჭკვიანი ფასმაჩვენებლები ქართულ რითეილს - NGS Group Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

ngs
05.11.26 13:42
• 24

ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის პარტნიორობით შექმნილ უპრეცედენტო B2B პლატფორმას - Industry Talks-ს, ტრანსფორმაციის პარტნიორის სტატუსით NGS Group-ი შეუერთდა. კომპანია ელექტრონული ფასმაჩვენებლების გლობალური ლიდერის, ZKONG-ის ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ქართულ საცალო ვაჭრობას მაღაზიის თაროების სრული გაციფრულების თანამედროვე გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

როგორც NGS Group-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, თორნიკე ჩარკვიანი აღნიშნავს, კომპანიისთვის Industry Talks-ის პარტნიორობა რეალურ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის შესაძლებლობაა.

"ქართული რითეილი სწრაფად იცვლება. მომხმარებელი მეტ სისწრაფეს, გამჭვირვალობას და მოხერხებულობას ითხოვს, ბიზნესს კი ხარჯების შემცირება და პროცესების გამართვა სჭირდება. ამ ცვლილებას მარტო ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა, რომ ბიზნესის, ტექნოლოგიური კომპანიებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ღია დიალოგი იყოს.

Industry Talks სწორედ ასეთი სივრცეა: აქ შეიძლება პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რეალურ გამოწვევებზე საუბარი და ერთმანეთისგან სწავლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტრანსფორმაციაზე საუბარი ზოგადი თეორიიდან კონკრეტულ, გაზომვად შედეგებზე გადავიდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა", - ამბობს თორნიკე ჩარკვიანი.

ელექტრონული ფასმაჩვენებლები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ციფრული ეკრანი - ეს არის სისტემა, რომელიც თაროს უშუალოდ კომპანიის ცენტრალურ ERP და POS პროგრამებთან აკავშირებს და ადამიანურ შეცდომებს გამორიცხავს.

"ZKONG ელექტრონული ფასმაჩვენებლების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია 2006 წელს დაარსდა. მისი გადაწყვეტილებები 200 000-ზე მეტ მაღაზიაში, 3 000-ზე მეტ ბრენდთან და 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება.

2017 წელს კომპანიამ მსოფლიოში პირველი ღრუბლოვანი ელექტრონული ფასმაჩვენებლის სისტემა წარადგინა, ხოლო კვლევითი ცენტრი Alibaba Group-თან თანამშრომლობით დააარსა.

ZKONG-ის კლიენტებს შორის არიან ICA, COOP, SPAR, 7-Eleven, Carrefour და Vodafone. NGS Group-ი ZKONG-ის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბიზნესს ის ტექნოლოგია მიეწოდება, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ქსელები უკვე იყენებენ.

ელექტრონული ფასმაჩვენებელი, ერთი შეხედვით, მხოლოდ ციფრული ეტიკეტია, მაგრამ სინამდვილეში ის მაღაზიის თაროს ბიზნესის ცენტრალურ სისტემასთან აკავშირებს.

ოპერაციული კუთხით:

  • ფასის ცვლილება ცენტრალურად, რამდენიმე წამში ხდება, ერთდროულად ყველა ფილიალში. ქაღალდის დაბეჭდვა და ხელით გამოცვლა აღარ არის საჭირო.
  • აღარ ხდება შეცდომები, როცა თაროზე ერთი ფასი წერია და სალაროში სხვა გამოდის.
  • თანამშრომლები, რომლებიც აქამდე საათობით ცვლიდნენ ფასებს, ამ დროს მომხმარებლის მომსახურებას უთმობენ.
  • აქციების დაწყება და დასრულება ზუსტად დაგეგმილ დროს ხდება, დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

მომხმარებლის გამოცდილების კუთხით:

  • ფასი ყოველთვის ზუსტი და აქტუალურია.
  • ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციის განთავსებაც შეიძლება: აქცია, ერთეულის ფასი, QR კოდი პროდუქტის დეტალებისთვის.
  • მაღაზია უფრო თანამედროვე და მოწესრიგებული ჩანს.

ZKONG-ის ტექნოლოგიას ჩვენს მიერ შექმნილ ქართულენოვან პლატფორმასთან, NGS Pricetag-თან ერთად ვთავაზობთ. ასე სისტემის მართვა ადგილობრივი გუნდისთვის მარტივი და გასაგებია”, - განმარტავს კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

Industry Talks-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფოკუსი ცვლილებების მართვა და ტრანსფორმაციის თანმდევი სირთულეებია. ქართულ საცალო ვაჭრობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მზაობასა და მთავარ გამოწვევებზე საუბრისას, თორნიკე ჩარკვიანი ხაზს პროცესებისა და ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობას უსვამს:

"ქართული ბაზარი ამ ტიპის ინოვაციებისთვის მზადაა და ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მსხვილი ქსელები ციფრულ გადაწყვეტილებებს აქტიურად ეძებენ. რამდენიმე მათგანთან ერთად უკვე სრულად აღვჭურვეთ სატესტო ფილიალები და შედეგებს ვაკვირდებით: რამდენად მცირდება ფასების განახლების დრო, რამდენად ნაკლებია შეცდომები და როგორ იცვლება გუნდის სამუშაო პროცესი. პილოტური პროექტები დადებით შედეგს აჩვენებს. ამიტომ ჩვენი პარტნიორები ახლა სისტემის ყველა ფილიალში დანერგვას განიხილავენ. საშუალო ბიზნესიც კარგად ხედავს, რომ ხელით შესრულებული პროცესები ზრდას აფერხებს.

მთავარი გამოწვევა თავად ტექნოლოგია არ არის, ის უკვე გამოცდილი და სანდოა. გამოწვევები სხვაგანაა: პირველ რიგში, ეს არის ინტეგრაცია - სისტემა მაღაზიის არსებულ პროგრამასთან (ERP ან POS) გამართულად უნდა იყოს დაკავშირებული. ასევე გადამწყვეტია მონაცემების ხარისხი, რადგან პროდუქციის ბაზა მოწესრიგებული უნდა იყოს, ელექტრონული ეტიკეტი კი ზუსტად იმას აჩვენებს, რაც სისტემაშია. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ცვლილების მართვა, რათა გუნდმა ახალ პროცესებთან შეგუება და მათი გაგება შეძლოს. დაბოლოს, გამოწვევაა ინვესტიციის აღქმაც, რადგან ბევრი თავიდან მხოლოდ საწყის ხარჯს ხედავს და არა იმას, რამდენ დროსა და რესურსს დაზოგავს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამიტომ ჩვენი მიდგომა მხოლოდ აღჭურვილობის მიწოდებით არ შემოიფარგლება. კლიენტს ვეხმარებით ინტეგრაციაში, გუნდის სწავლებაში და დანერგვის შემდეგ მხარდაჭერაში. ასევე ვავითარებთ ავტორიზებული პარტნიორების ქსელს, რომ ეს ტექნოლოგია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი იყოს”, - აღნიშნავს თორნიკე ჩარკვიანი.

Industry Talks 1.0-ზე, სადაც წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები შეიკრიბებიან, NGS Group-ი პრაქტიკული ქეისებისა და რეალური ქართული გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.

"ციფრული მაღაზია უკვე რეალობაა და ის საქართველოშიც მუშაობს. კოლეგებს გავუზიარებთ იმ ქსელებთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, სადაც სატესტო ფილიალები სრულად აღვჭურვეთ. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ მიმდინარეობს დანერგვა რეალურად, რა დრო და რესურსი სჭირდება, რა შეცდომების თავიდან აცილებაა შესაძლებელი და რა შედეგს უნდა ელოდოს ბიზნესი პირველივე თვეებში.

ამ დიალოგებიდან ვიმედოვნებთ, რომ რითეილერებისგან მათ რეალურ საჭიროებებს უშუალოდ მოვისმენთ, ახალ პარტნიორობებს ჩამოვაყალიბებთ და ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს ქართული რითეილის ციფრული ტრანსფორმაციისკენ", - ამბობს თორნიკე ჩარკვიანი.

სწორედ მსგავს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, ჭკვიანი მაღაზიის კონცეფციასა და საცალო ვაჭრობის წინაშე მდგარ სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელებენ პლატფორმის სადებიუტო ფორუმზე - Industry Talks 1.0 | Retail Transformation, რომელიც 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება.

BDO Digital-სა და BMG-ის პარტნიორობით შექმნილი ღონისძიება სრულად რითეილ სექტორს დაეთმობა. ფორუმი დარგის წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააერთიანებს არა მხოლოდ ჭკვიანი ტექნოლოგიების, არამედ ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაციის, სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების განსახილველად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები