მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხიდი გამოცდილების გასაზიარებლად" | BDO-ს გუნდი Industry Talks-ის მნიშვნელობაზე

Industry Talks

დღეს, 6 ნოემბერს BDO Digital-ისა და "ბიზნეს მედია საქართველოს" (BMG) პარტნიორობით, მასშტაბური B2B პლატფორმის – Industry Talks-ის სადებიუტო ღონისძიება იმართება, რომელიც სრულად საცალო ვაჭრობის (რიტეილ) სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას ეთმობა.

დარგის ლიდერები თანხმდებიან, რომ სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში ტექნოლოგიური ადაპტაცია, ოპერაციების გაციფრულება და კოლეგების გამოცდილებასა თუ შეცდომებზე სწავლა კომპანიების მდგრადობის უმთავრესი წინაპირობაა.

BDO-ს მენეჯმენტის წარმომადგენლები BMG-სთან იმ მიზნებსა და გამოწვევებზე საუბრობენ, რომელთა ირგვლივაც ახალი პლატფორმა შეიქმნა.

BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი მაია ხაჩიძე ყურადღებას იმ სწრაფ ცვლილებებზე ამახვილებს, რომელთა წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. მისი თქმით, Industry Talks-ის მთავარი მისიაა, კომპანიებს სხვის შეცდომებსა და გამოცდილებაზე სწავლის გზით, ადაპტაციის პროცესი გაუმარტივოს.

"Industry Talks-ის იდეა დაიწყო კონკრეტული საჭიროებიდან. დღეს ბიზნესგარემოში იმდენი ცვლილება მიდის – იქნება ეს მომხმარებლის ქცევის ცვლილება, რეგულაციები თუ ხელოვნური ინტელექტის თემები – რომ ამ ყველაფრისთვის ფეხის აწყობა და დროული ადაპტირება გადამწყვეტია. ეს ადაპტირება გაცილებით მარტივად ხდება მაშინ, როდესაც გამოცდილების გაზიარება ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლისგან მიმდინარეობს და ბიზნესს ეძლევა საშუალება, არა მხოლოდ წარმატების მომენტი, არამედ სხვისი შეცდომაც გაიზიაროს, რათა ის საკუთარ საქმიანობაში აღარ დაუშვას.

სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა Industry Talks. პირველი ღონისძიების რიტეილ სექტორისთვის დათმობაც შემთხვევითი არ არის – საცალო ვაჭრობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცვალებადი ინდუსტრიაა, სადაც ქართული მოთამაშეების ეფექტური ურთიერთობა და გამოცდილების გაცვლა სექტორის წინსვლისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება BDO Digital-ისა და BMG-ის თანამშრომლობას, ეს პარტნიორობა ძალიან ბუნებრივად და ლოგიკურად შედგა: BDO Digital-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციაში მხარდაჭერის კუთხით, BMG კი ბაზარზე მაღალი ნდობის მქონე რეპუტაციული მედიაპლატფორმაა", - ამბობს მაია ხაჩიძე, BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი.

ღონისძიების ორგანიზატორი და BDO CCA-ის რეგიონალური ხელმძღვანელი ბრენდისა და მარკეტინგის მიმართულებით, ანანო ციცვიძე ხაზს ბაზარზე არსებულ ციფრულ კონტრასტს უსვამს და აღნიშნავს, რომ პლატფორმა სხვადასხვა გამოცდილების მქონე ბიზნესებს შორის ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდად ჩამოყალიბდა.

"გაციფრულებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე დღეს ყველგან საუბრობენ, თუმცა ფაქტია: კომპანიების ერთმა ნაწილმა ეს პროცესი უკვე გაიარა და უდიდესი გამოცდილება დააგროვა, მეორე ნაწილი კი ცვლილებების საწყის ეტაპზე დგას. შესაბამისად, გაჩნდა რეალური საჭიროება, შეგვექმნა ერთგვარი ხიდი და პლატფორმა, რომელიც ამ ორ მხარეს ერთმანეთთან დააკავშირებდა ცოდნის გაზიარებისა და მომავლის გზის განსაზღვრისთვის.

ვფიქრობ, დღეს 250-ზე მეტი ადამიანი სწორედ იმ სურვილმა გააერთიანა, რომ ისწავლონ ერთმანეთის შეცდომებზე, გაუზიარონ პრაქტიკა კოლეგებს და ხვალინდელი გაციფრულების პროცესი გაცილებით ეფექტურად, ნაკლები დანახარჯით წარმართონ", - აღნიშნავს ანანო ციცვიძე.

საცალო ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის სწრაფად ცვალებად ქცევასა და ტექნოლოგიური ინვესტიციების რეალურ უკუგებაზე ამახვილებს ყურადღებას BDO-ს პარტნიორი და ERP მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ბოჭორიშვილი.

"რითეილისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც მომხმარებელი ყოველდღიურად იცვლება, საცალო ვაჭრობა კი ის სფეროა, რომელზეც ეს დინამიკა პირდაპირ და მყისიერად აისახება.

სექტორმა ფეხი უნდა აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს, დროულად დანერგოს ისინი კომპანიებში და მიიღოს მაქსიმალური უკუგება იმ ინვესტიციიდან, რასაც ამ მიმართულებით დებს. ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეალურ გამოცდილებას და ამავდროულად გაიგონ, რა ტენდენციებია დღეს გლობალურ ბაზარზე", - აცხადებს BMG-სთან BDO-ს პარტნიორი.

Industry Talks პერიოდული, მაღალი დონის ბიზნესფორუმების ციკლია – ექსკლუზიური სივრცე, რომელიც ქვეყნის წამყვანი დარგების C-level მენეჯერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ექსპერტებს აერთიანებს.

პროექტის საფუძველი BDO Digital-სა და BMG-ის შორის მიმდინარე წლის 18 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია.

სადებიუტო ღონისძიება – Industry Talks 1.0 | Retail Transformation – რითეილს ეძღვნება, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.

Pullman Tbilisi Axis Towers-ში შეკრებილი რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორის ლიდერები ოპერაციული პროცესების მასშტაბურ ავტომატიზაციას, სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და იმ კომპანიების პრაქტიკულ ქეისებს განიხილავენ, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის გზა წარმატებით გაიარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები