მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუშინ დენი რომ არ იყო, დამსვენებლებმა ჯავშნები გააუქმეს", - "ვილა მესტიას" მფლობელი

5e2049182c252
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.20 21:05
4988
„დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ ჩვენს სასტუმროში დამსვენებლები, მაგრამ გუშინ დენი რომ არ იყო, გააუქმეს ჯავშნები“, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრო „ვილა მესტიას“ მეპატრონემ ლევან დადვანმა განუცხადა.

მესტიის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ დამსვენებელი სასრიალო ტრასებითა და ბუნებით კმაყოფილია, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა, მათ უკმაყოფილებას იწვევს.

„ტურისტული სეზონის დაწყებას დაახლოებით ისე შევხვდით, როგორც სხვა სამთო კურორტები შეხვდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ წყლის პრობლემები არ გვქონია. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს დენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს აქვს გაკეთებული ბიტკოინების მაინერები, რასაც ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, ელექტრო სისტემა კი ლენინის დროს არის გაკეთებული და ვერ უძლებს ამ დატვირთვას. მაგალითად, გუშინ მესტიაში დენი საერთოდ არ მოსულა.

ამასთან, სასტუმროებს გათბობა ელექტროენერგიაზე აქვთ, მათ შორის ჩვენც, თუმცა, ჩვენ შეშაზეც ვთბებით და შედარებით რბილად გამოვძვერით. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცალკე იქ გზის პრობლემაა, არ ხდება გზების გაწმენდა.... დამსვენებლები ბუნებით, დასასრიალო ტრასებით კმაყოფლები არიან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ინფრასტრუქტურულადაც გამართული ყოფილიყო ყველაფერი“, - ამბობს ლევან დადვანი.

„ვილა მესტიას“ მფლობელი ამბობს, რომ სეზონის დაწყებიდან 10 იანვრამდე მესტიაში ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი იყო.

„ტურისსტების რაოდენობა წელს იმიტომ იყო გაზრდილი, რომ სხვა კურორტებზე წყლის და თოვლის პრობლემა იყო და ტურისტები სასრიალოდ თოვლიან სვანეთში ამოდიოდნენ.

დღეისთვის ჩემი სასტუმრო 30%-ით არის დატვირთული და ტურისტების რაოდენობაც კურორტზე მინელებულია“, - აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.