მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს სრულად ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა" - "ვილა ჩელო" მესტიაში

ვილა ჩელო

მესტიაში მდებარე სასტუმრო "ვილა ჩელოს" დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილი BMG-სთან ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს. მისი განცხადებით, რეგიონში აქტიური პერიოდი უკვე დაწყებულია, თუმცა სექტორი კვლავ აწყდება გარკვეულ ლოგისტიკურ გამოწვევებს.

თათია თეთრაშვილის თქმით, ზაფხული სვანეთისთვის ტრადიციულად ყველაზე სტაბილური სეზონია, რადგან დატვირთვა მაღალია და ნაკადები დივერსიფიცირებულია.

"ზაფხული სვანეთში ყველაზე ნაკლებად პრობლემური სეზონია. ამ დროს ფაქტობრივად ყოველთვის მაღალი დატვირთვა გვაქვს – სხვადასხვა ეროვნების დამსვენებლები გვსტუმრობენ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არ ვართ დამოკიდებული. ამის გამო, გლობალურად მიმდინარე პროცესები ზაფხულის სეზონს დიდ პრობლემას ვერ უქმნის. შიდა ტურიზმიც საკმაოდ აქტუალურია, ბევრი ქართველიც ისვენებს ჩვენთან. ამჟამად აქტიური სეზონი უკვე დაწყებულია და მომდევნო პერიოდის ჯავშნებიც თითქმის სრულად არის შევსებული," - აცხადებს იგი.

რაც შეეხება ვიზიტორთა გეოგრაფიას, "ვილა ჩელოს" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აზიური ქვეყნებიდან ტურისტების გააქტიურება, თუმცა საერთო მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

"ადგილობრივი ტურისტები უმრავლესობას მაინც არ შეადგენენ. წელს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აზიური ქვეყნებიდან ვიზიტორების აქტივობა. დანარჩენი ნაკადი სტანდარტულია: მეზობელი და ევროპული ქვეყნებიდან. თუმცა, წელს სწორედ აზიაა განსაკუთრებით გააქტიურებული, რასაც, მაგალითად, არაბულ ქვეყნებზე ვერ ვიტყვით, თუმცა სხვა დროს ისინიც საკმაოდ აქტიურობენ.

ერთი რამ, რაც აშკარაა, არის ის, რომ ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს სრულად ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. როგორც ვიცი, ეს ტენდენცია მსოფლიო მასშტაბითაც შეინიშნება. ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოდან Ryanair-ის გასვლამ ნეგატიური როლი ითამაშა. როდესაც ევროპიდან იაფი, პირდაპირი ფრენები არსებობს, ტურისტების ნაკადიც ავტომატურად იზრდება. გარკვეული ქალაქებიდან ფრენების შემცირებამ, ბუნებრივია, ტურისტულ ნაკადებზეც იქონია გავლენა," - განმარტავს თეთრაშვილი.

"ვილა ჩელოს" დამფუძნებელი ყურადღებას რეგიონში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზეც ამახვილებს, რაც ტურისტებისთვის მესტიაში მოხვედრას ართულებს.

"ამჟამად ჩვენთვის ყველაზე დიდ სირთულეს ტრანსპორტირება წარმოადგენს. აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ტურისტისთვის პირდაპირ მესტიაში წამოსვლა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ქუთაისიდან მიკროავტობუსები მხოლოდ დილის 10 საათზე გამოდიან, ამ დროის შემდეგ ჩამოსულ მგზავრებს კი ტრანსპორტირების ალტერნატივა ფაქტობრივად აღარ აქვთ. რჩება მხოლოდ კერძო ტაქსები, ან ზუგდიდის გავლით მგზავრობა, სადაც რეგულარული ტრანსპორტი დღის მეორე ნახევარშიც მოძრაობს და მგზავრობა შედარებით ეკონომიურია," - აღნიშნავს ის.

ამასთან, თათია თეთრაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ტურისტულ ბაზარზე კვლავ მეტწილად დაბალბიუჯეტურ სეგმენტზეა ორიენტირებული, რაც სეზონურობის მიუხედავად, ბიზნესის შემოსავლებზე აისახება.

"ხელმისაწვდომობა კარგია, თუმცა ბიუჯეტურ ტურისტებს ყველაფრის ეკონომიურად გაკეთება სურთ, რაც ზამთრის სეზონზეც, მთის მოყვარულების შემთხვევაშიც შეინიშნება. დღესდღეობით რეალობა ასეთია", - ამბობს "ვილა ჩელოს" დამფუძნებელი.

ტურისტული ობიექტი "ვილა ჩელო" მესტიაში 2024 წლის დეკემბერში გაიხსნა და ორ ვილასა და აპარტამენტებს აერთიანებს. ობიექტი მესტიისთვის განსხვავებულ კონცეფციას ატარებს, რაც პრემიუმ სეგმენტის, luxury ტიპის ვილებს ითვალისწინებს, რომლებიც მაქსიმუმ 4 ადამიანზეა გათვლილი.

აპარტამენტებში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 120-დან 150 ლარამდე მერყეობს, ვილებში კი - 350-400 ლარია, სეზონისა და დატვირთულობის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები