სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები კვლავ გრძელდება – სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ხანგრძლივი გათიშვების შესახებ ჩივიან. ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, პრობლემის მიზეზი შესაძლოა, მხოლოდ უკანონო მაინინგი არ იყოს: ქსელზე უნებართვოდ მიერთებული სასტუმროები და სხვა ელექტრომომხმარებელი ობიექტებიც ქმნიდნენ დამატებით დატვირთვას.
მისი თქმით, საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა მოხმარების სრულად აღრიცხვა, კომერციული და საყოფაცხოვრებო მომხმარებლების გამიჯვნა და უფასო ელექტროენერგიის ლიმიტის განსაზღვრა. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ინფორმაციით, მესტიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 100 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა, თუმცა მაინერების ამოღების მიუხედავად, მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება.
„პრობლემა მხოლოდ მაინინგში არ უნდა იყოს. ქსელზე უკანონოდ და უნებართვოდ შესაძლოა მიერთებული იყოს სხვადასხვა დანადგარი, სასტუმრო და ელექტრომოხმარების ობიექტი. ამიტომ, საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. 2020 წელს, თუ სწორად მახსოვს, მესტიაში 300-მდე მაინინგმოწყობილობა ამოიღეს და იმ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება 26 %-ით შემცირდა. თუმცა, გაანგარიშების მიხედვით, ქსელზე უკანონოდ მიერთებული მოხმარების 8–9 % მაინც რჩებოდა, რომლის ზუსტი დადგენა მაშინ ვერ მოხერხდა“, - აცხადებს არაბიძე „საქმის კურსთან“.
მისი შეფასებით, ენერგომომარაგებისა და მოხმარების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ მაინინგის მოწყობილობების ამოღებისა და საბალანსო გამრიცხველიანების პარალელურად, განისაზღვრება უფასო ელექტროენერგიის ლიმიტი, ხოლო ამ ლიმიტის ზემოთ, კომერციული ტარიფი ამოქმედდება.
„როგორც ჩანს, პროცესი ბოლომდე მიყვანილი ჯერ არ არის. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ყველა კომერციულ ობიექტს მრიცხველი უნდა ჰქონდეს და ადმინისტრირება უნდა გაძლიერდეს. ასევე, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული იმ მომხმარებელთა წრე, რომლებსაც უფასო ელექტროენერგია ეკუთვნით. უნდა დადგინდეს საყოფაცხოვრებო ფუნქციონირებისთვის საკმარისი მოცულობა, ხოლო ამის ზემოთ მომხმარებლებმა საფასური გადაიხადონ, ეს უკვე კომერციული მოხმარება იქნება. თუ ეს გამიჯვნა სწორად განხორციელდება, მოხმარებაც შემცირდება და ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობაც ყველას თანაბრად ექნება. ამჟამად კი ორივე მხარე ზარალდება“, - განმარტავს არაბიძე.
ინფორმაციისთვის, მაინერების ამოღების მიუხედავად, მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება. ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ "ენერგოპრო ჯორჯიაში" განუცხადეს.კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის მოხმარებაზე სრული ინფორმაცია მოგვიანებით ექნებათ.კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით მიხედვით, წელს 10 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 100 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.
























