მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვლილი ტურისტული მოთხოვნა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობის პრობლემა - რა გამოწვევებია სვანეთში?

სვანეთი

სვანეთში ტურიზმის აღდგენას შეცვლილი ტურისტული მოთხოვნა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობის პრობლემა აფერხებს. სასტუმრო სექტორის შეფასებით, პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებისთვის მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდა საკმარისი აღარ არის.

„ვილა ჩელოს“ დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ სვანეთში ზაფხულის სეზონი დატვირთული იყო, თუმცა ტურისტული აქტივობა ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებზე. მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება თავად ტურისტის ქცევას უკავშირდება. კერძოდ, დღეს ვიზიტორი მხოლოდ ღამის გასათევ ადგილს აღარ ეძებს და სასტუმროსგან განსხვავებულ გამოცდილებასაც ელოდება.

„ჩემი აზრით, დინამიკა დაახლოებით ისეთივეა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, პანდემიამდელ ნიშნულს არ უბრუნდება. ტურისტული ჩვევები საკმაოდ ცვალებადია. დღეს, სტუმარს უბრალოდ დასარჩენს ვეღარ შესთავაზებ. მუდმივად სიახლეები უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩე ბაზარზე და სტაბილურად იმუშაო. რაღაც ახალი და განსაკუთრებული უნდა შესთავაზო, რადგან მხოლოდ სასტუმროს ნომერი უკვე აღარ არის ის, რასაც ადამიანი მოგზაურობის დროს ეძებს“, - ამბობს თათია თეთრაშვილი.

მისი თქმით, მოთხოვნის ცვლილებაზე გავლენა სოციალური ქსელების მზარდმა როლმაც იქონია. ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროს პირობები, არამედ თავად ადგილის გამორჩეულობა და ის გამოცდილება, რომელსაც მოგზაურობიდან მიიღებენ.

„განსაკუთრებით სოციალური ქსელების აქტუალიზაციამ გამოიწვია ის, რომ ყველა ეძებს უკვე განსაკუთრებულ ადგილს. რაღაც აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული და ისეთი, რაც თვალში საცემია. ტურისტს უნდა ჰქონდეს ისეთი გამოცდილება, რომელიც შემდეგ მოგზაურობის ნაწილად დარჩება. უბრალოდ სადღაც დასარჩენს ფაქტობრივად აღარავინ ეძებს“, - აცხადებს ის.

სვანეთის ტურისტულ ბაზარზე მოთხოვნის ცვლილება ახალი ქვეყნების გააქტიურებაშიც აისახება. თეთრაშვილის თქმით, რეგიონში ბოლო პერიოდში აზიური და არაბული ქვეყნებიდან მეტი ვიზიტორი ჩნდება, თუმცა სხვადასხვა ბაზრის წარმომადგენლებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ნაწილი სვანეთში ხანგრძლივი მოგზაურობისა და საფეხმავლო მარშრუტებისთვის ჩადის, ნაწილი კი საქართველოს რამდენიმე ტურისტული მიმართულების მოკლე პერიოდში მონახულებას ამჯობინებს.

ამასთან, სასტუმროს დამფუძნებლის შეფასებით, ტურისტული ნაკადების ზრდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობაა. მისი თქმით, პირდაპირი და შედარებით დაბალფასიანი ავიარეისები კონკრეტული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მაშინ როცა ავიამიმართულებების შემცირება ნაკადებზეც აისახება.

„როგორც წესი, მიმართულება, საიდანაც ბევრი ფრენაა და ფრენებიც შედარებით იაფია, ყოველთვის უფრო მეტ ტურისტს აგზავნის. ამიტომ ერთი კონკრეტული ობიექტის შესაძლებლობა, რომ ისეთ ქვეყანაში გავიდეს, სადაც საქართველოს მიმართ ჯერ დიდი ინტერესი არ არის, შეზღუდულია. ტურისტული ნაკადების ფორმირებაზე ბევრად უფრო დიდი ფაქტორები მოქმედებს და მათ შორის ფრენები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს თათია თეთრაშვილი.

მისივე შეფასებით, პანდემიამდელ ნიშნულზე ტურიზმის დაბრუნების შენელება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და მსგავსი ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზეც შეინიშნება. თუმცა, თეთრაშვილის აზრით, არსებული ვითარება საქართველოსთვის ახალი ბაზრების მოსაზიდად შესაძლებლობაც შეიძლება იყოს.

„მსოფლიო მასშტაბითაც ეს მაჩვენებელი რატომღაც არ აღდგა იმ ნიშნულზე. თავისთავად, ჩვენც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ქვეყანას უფრო მეტი პოპულარიზაცია და გააქტიურება სჭირდება. ვფიქრობ, ამ პერიოდით შეიძლება ვისარგებლოთ და რაღაც დიდი წილი დავიკავოთ. რამდენადაც ვიცი, ბევრი ბიუჯეტური ავიაკომპანია გავიდა ბაზრებიდან და ეს ყველაფერი საბოლოოდ ტურიზმის ტემპის შემცირებას იწვევს“, - აცხადებს „ვილა ჩელოს“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები