მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვექნება დიფერენცირებული მიდგომა“ - განათლების მინისტრი სწავლის დაწყების ფორმატზე

612df219897d9
თამთა ჯიჯავაძე
31.08.21 13:32
1148
"გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იქ, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამს შორის დელტა შტამი შეადგენს 90%-ს, სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამის საფუძველზე და NCDC-ის რეკომენდაციით, საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ იმ სოფელსა თუ ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, მაგრამ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, მათ ამის საშუალება ექნებათ.

„ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გარდა ამისა, მიხეილ გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტებთან დაკავშირებით ერთი გამონაკლისია. „ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების თავისი გრაფიკი გააჩნია, ყველა იწყებს სწავლას მაშინ, როდესაც მათ ეს აქვთ გაცხადებული, თუმცა 4 ოქტომბრამდე იქნებიან დისტანციურ ფორმატში. 4 ოქტომბერს კი შევხედავთ სიტუაციას. უნივერსიტეტებში ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. მედიცინის ფაკულტეტისთვის თეორიული სწავლება იქნება მთლიანად დისტანციური, თუმცა პრაქტიკულ ნაწილში 4 ოქტომბრამდე სასწავლებლებს ეძლევათ საშუალება დასწრებულ ფორმატში წარმართონ, ოღონდ აქაც არის დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.