საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა ღვინის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა. 18 მაისს ჩაიშალა 72 აუქციონი, რომლითაც 13.8 მილიონ ლარად 1.39 მილიონი ლიტრი ღვინო, მათ შორის 196 ათასი ლიტრი ხვანჭკარა, 553 ათასი ლიტრი ალექსანდრეულ-მუჯურეთული და 471 ათასი ლიტრი ცოლიკაური იყიდებოდა. აუქციონებზე ასევე გამოტანილი იყო 43.3 მილიონი ლარის ღირებულების საკონიაკე სპირტიც, საიდანაც მხოლოდ 5.1 მლნ ლარის პროდუქცია გაიყიდა, ხოლო ღვინის ყველა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა.
აუქციონებზე კერძო სექტორის ინტერესის ნაკლებობას ადასტურებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც BMG-ის განუცხადა, რომ სახელმწიფოს ეს ქონება განმეორებით აუქციონებზე, უფრო ფასდაკლებული ღირებულებით გამოაქვს.
მთავრობას ათასობით ტონა სპირტი და ღვინო რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა. 2020 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა.
უშედეგო აუქციონები:
18 მაისს უშედეგოდ დასრულდა 72 აუქციონი, მათზე გასაყიდად გამოტანილი ღვინოების ღირებულება და მოცულობა ასეთი იყო:
● ხვანჭკარა - 196,220 ლიტრი, ფასი 2,698,000 ლარი. 1 ლიტრის ღირებულება ₾13.75;
● ალექსანდრეულ-მუჯურეთული - 553,040 ლიტრი, ფასი 6,874,287 ლარი. 1 ლიტრის ღირებულება ₾12.43;
● ცოლიკაური - 470,910 ლიტრი, ფასი 2,693,605 ლარი. 1 ლიტრის ღირებულება ₾5.72;
● ოჯალეში - 128,790 ლიტრი, ფასი 814,596 ლარი. 1 ლიტრის ღირებულება ₾6.32;
● უსახელაური - 43,400 ლიტრი, ფასი 756,679 ლარი. 1 ლიტრის ღირებულება ₾17.44.
eAuction.ge-ის თანახმად, ღვინის სარეალიზაციო აუქციონების უმეტესობას 20-30-მდე მნახველი ჰყავდა, რაც თავის მხრივ მყიდველთა დაბალ ინტერესზე მიანიშნებს.
ეს ამ აუქციონების ჩაშლის უკვე მეორე შემთხვევაა. ღვინის რეალიზაციისთვის წინა აუქციონები 5 მაისს ასევე უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ სარეალიზაციო ღვინის ფასი 7%-ით შემცირდა და ხელახალ აუქციონზე გაიტანა.
სპირტის აუქციონები კი 24 მაისს დასრულდა. 54 აუქციონზე 6,000,000 ლიტრი სპირტი იყიდებოდა. მათგან დადებითი შედეგით მხოლოდ 9 აუქციონი დასრულდა, რის შედეგადაც 700,000 ლიტრი საკონიაკე სპირტი 5.1 მილიონ ლარად გაიყიდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხი:
“თქვენ იცით, რომ ჩაბარებული ყურძნიდან ძირითადად ხდება საბრენდე სპირტის წარმოება. მისი რეალიზება ხდება აუქციონის მეშვეობით, რამდენიმე აუქციონი ჩატარდა ამისთვის და იმ ფასად, რა ფასიც იყო თვითღირებულება, ვერ მოხდა მისი რეალიზაცია. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ხდება გარკვეული ფასდაკლება და შესაბამისად, ხდება აუქციონების განმეორება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ ამ მარაგების რეალიზაციას რადგან ფიზიკურად მარაგები არის სავსე. მარაგის ზუსტი მოცულობის შესახებ ვერ მოგახსენებთ, აბსოლუტურ ალკოჰოლში ეს შეიძლება იყოს 6,000 ტონა სპირტი,” - BMG-ის განუცხადა ლევან დავითაშვილმა.
რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი და ღვინო?
ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ("აკურას" და "მოსავლის მართვის კომპანიას") ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".
მთლიანობაში 2020 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა, ეს კი ნიშნავს, რომ მევენახეთა ერთ მესამედზე მეტმა საკუთარი მოსავალი საბიუჯეტო ორგანიზაციას მიჰყიდა.
2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით ახდენს. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა ღვინის ქარხნებმა 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარეს. შედარებისთვის, 2019 წელს შესყიდული ყურძნის ღირებულება 80 მილიონი ლარი, 2018 და 2017 წლის სუბსიდია კი 40 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია. პარალელურად კი სახელმწიფოს მარაგებში სუბსიდიის შედეგად შესყიდული და გადამუშავებული სპირტის მარაგები იზრდება, კერძო სექტორი კი ამ სპირტის შესყიდვისთვის, ჯერჯერობით, დიდ ინტერესს არ გამოხატავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი