მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის ექსპორტის 50%-ით ზრდას ველით“ - „ტყუპების საღვინე სახლის“ ახალი ბაზრები

6294c1126d320
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.22 17:22
1445
ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი“ ახალ საექსპორტო ბაზრებზე შედის და 2022 წელს ღვინის საზღვარგარეთ რეალიზების 50%-იან ზრდას გეგმავს.

კომპანიის გეგმებსა და ქვევრის ღვინის ექსპორტის შესახებ „ტყუპების საღვინე სახლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა გამტკიცულაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიამდე ღვინის ექსპორტი, მთლიან წარმოებაში 30%-ს იკავებდა და პანდემიამ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა 2021 წლიდან კომპანიამ ქვევრის ღვინის გატანა აშშ-ის ბაზარზე შეძლო, რამაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზების ზრდა გამოიწვია.

„გასული წლიდან ექსპორტის კუთხით გარღვევა გვქონდა და ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე შევძელით შესვლა, როგორიც აშშ, შვედეთი და გერმანიაა.

წელს, რამდენიმე დღეში ჩვენი ღვინის 6 000-ბოთლიანი პირველი პარტია საფრანგეთში გავა. მათ ისე მოეწონათ ჩვენი ქვევრის ღვინო, რომ შემოდგომისთვის გაორმაგებული მოცულობის შეკვეთას გეგმავენ. ამ რაოდენობის ქვევრის ღვინოს სხვაგან ვერ ნახულობენ და მეორე - მართლაც ხარისხიანი ღვინო გვაქვს. საფრანგეთის გარდა, წელს დიდ ბრიტანეთში შესვლაზეც ვმუშაობთ და ჩვენ საექსპორტო ბაზრებს, ეს მიმართულებაც დაემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში არ ვართ წარმოადგენილი, მინდა აღვნიშნო, რომ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად წელს საზღვარგარეთ ჩვენი ღვინის გაყიდვები დაახლოებით, 50%-იან ზრდას ველით“, - განაცხადა მეღვინემ.

გელა გამტკიცულაშვილი ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის საშუალო ღირებულება 4 ევროა.

„წელს ექსპორტზე „ტყუპების საღვინე სახლის“ სხვადასხვა სახეობის 50 000 ცალი ბოთლის გატანას ვგეგმავთ. მოცულობის მიხედვით, ეს მთლიანი წარმოების, დაახლოებით, 10%-ია, თუ ფინანსურად - რეალიზებული ღვინის ღირებულებით -  შევხედავთ, მაშინ ექსპორტის წილი ჩვენს წარმოებაში წელს 30% იქნება“, - უთხრა BM.GE-ს გელა გამტკიცულაშვილმა.

ცნობისთვის: „ტყუპების საღვინე სახლის“ ბრენდით ღვინის წარმოება გია და გელა გამტკიცულაშვილებმა 1990-იანი წლებიდან დაიწყეს და ადგილობრივ ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდნენ. კომპანიამ ღვინის პირველი ექსპორტი 2008 წელს იაპონიაში განახორციელა. როგორც თავად ძმები გამტკიცულაშვილები ამბობენ, ოჯახის ტრადიციების მიხედვით წარმოების დაწყებიდან დღემდე, კომპანიის მთავარი ხაზი, ანუ წარმოების 95% ქვევრის ღვინის წარმოება და მისი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზებაა. დღეისთვის მეღვინეები საფერავის, რქაწითელის, ქისის, ხიხვის და კახური მწვანეს ყურძნის ჯიშებიდან წლიურად 500 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. ნაფარეულის მიკროზონაში გაშენებული საკუთარი ვენახებიდან კი მცირე მოცულობებით სერტიფიცირებული ბიოღვინოს წურავენ, რომლის გარკვეული რაოდენობა აშშ-ში გადის. მეღვინეობით დაწყებული ბიზნესი „ტყუპების საღვინე სახლმა“ მალე აგროტურიზმის მიმართულებით წარმართა და დღეს კომპანია ღვინის წარმოებასთან ერთად სასტუმროს მართავს. აგროტურისტული ობიექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულები ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიისა და მექვევრეობის შესწავლაა, რისთვისაც ძმებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში სასტუმროში ქვევრის მუზეუმი მოაწყეს.

"ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრის ღვინო საქართველოში ვაკეში მოქმედ მათ ბრენდულ მაღაზიაში, ასევე "სმარტში", "ფრესკოში", "ევროპროდუქტში" და "უნივერსამში" იყიდება.