მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტი 4.7 მილიონად იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს - ვინ და რას ედავება უწყებას?

5dda593f4cd8c
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.19 14:17
2076
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 720 000-ლარიან ხელშეკრულებას იურიდიულ კომპანია White&Case-თან აფორმებს.


საავტომობილო გზების დეპარტამენტს სურს, რომ White&Case-მა უწყების ინტერესები სხვა ქვეყნების სასამართლოებში დაიცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას გამარტივებული შესყიდვით, ანუ უტენდეროდ ითხოვს.


ვისთან და რაზე აქვს დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტს?


ერთი დავა ეხება კომპანია Road Building ALTCOM“ LLC-ს. Სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I, კმ0+000-კმ 11+500) მშენებლობა) ალტკომის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (გამცემი ბანკი: Public Stock Company “Joint Stock Commercial Industrial & Investment Bank” ). აღნიშნული გარანტიების ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს დავა უკრაინის სასამართლოში. დავა შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით არის აღძრული, ხოლო ავანსის უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 6 785 343 ევრო, ხოლო ავანსის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 18 388 910.51 ევრო.

ორივე სარჩელის ფარგლებში დასრულების ეტაპზეა მოსამზადებელი სხდომები. შესაბამისად, სასამართლო გადავა მთავარ სხდომებზე, ხოლო პროცესის შედეგების გათალისწინებით გადაწყვეტილებები გასაჩივრდება ან დეპარტამენტის ან პრომინვესტბანკის მიერ, შესაბამისად, პროცესი გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციაში.

“უკრაინაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე და ასევე გამოსაყენებელი სამართალი არის უკრაინული. შესაბამისად, დეპარტამენტი, ვინაიდან არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, მისი რესურსით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედიაგრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ) ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“. 2019 წლის იანვარში დაიწყო სს „ბანკი ასტანის“ ლიკვიდაცია, ხოლო 2019 წლის 4 მარტს დეპარტამენტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის ხელშეკრულება შეუწყვიტა ტოდინს. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნილი თანხა შეადგენს 7 873 440.62 ევროს, ხოლო ავანსის უზრუნველყოფის გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნილი თანხა შეადგენს - 10 497 920.83 ევროს.

„ასტანის ბანკი“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნული დავა სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. დავა მიმდინარეობს ყაზახეთში, ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი მისი რესურსის კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ თავად კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ხელშეკრულების ფარგლებში დავის გადაწყვეტის მექანიზმად გათვალისწინებულია დავების განმხილველი საბჭო და საერთაშორისო არბიტრაჟი (ICC). დეპარტამენტმა მიმართა ტოდინს უარი ეთქვა დავების გამხილველ საბჭოში საკითხის განხილვაზე და დავა პირდაპირ გაგრძელებულიყო არბიტრაჟში, თუმცა კონტრაქტორმა უარი თქვა აღნიშნულზე.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არც მისი გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმია საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინებული. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არის საერთაშორისო არბიტრაჟი აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. ვინაიდან კონტრაქტორმა უარი თქვა დავების განმხილველი საბჭოს გვერდის ავლაზე, დეპარტამენტმა მიმართა დავების განმხილველ საბჭოს და პარალელურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს.

დეპარტამენტი ტოდინს ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად.

“დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინდაინ დეპარტამენტს არ გააჩნია გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.