მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყვავილეები თუ ურნები მოსასვენებელ სკამებში? - მერი განმარტებას აკეთებს

6007de8f17874
ინგა მურუსიძე
20.01.21 11:51
1523
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, რომელშიც რუსთაველის გამზირზე მოსასვენებელი სკამები ჩანს და შეიქმნა ისეთი აღქმა, რომ თითქოს სკამის შუა ნაწილში ნაგვის ურნებია განთავსებული. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად გავრცელდა და სინამდვილეში სკამებში არა - ნაგვის ურნები, არამედ საყვავილეებია ჩაშენებული და ეს არა - მერიის, არამედ კონკრეტული რესტორნის მეპატრონეების იდეა იყო.

„გუშინ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სკამებზე ჩავაშენეთ ნაგვის ურნები. ამბობდნენ, საერთოდ რაზე ფიქრობს მერიაო და ა.შ. ეს არის დიდი ტყუილი. ეს არც მერიის და არც გამგეობის პროექტია. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი; ახალგაზრდებს იჯარით აქვთ ფართი აღებული, აკეთებენ რესტორანს და მოსასვენებელ სკამებს აქვს დამონტაჟებული საყვავილეები“, - განაცხადა კალაძემ და წარადგინა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ მოსასვენებელ სკამებზე ჩაშენებულ საყვავილეებში უკვე მწვანე ნარგავებია განთავსებული. მერმა ახალგაზრდებს იდეისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ნაგვის ურნების ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკაზე და თქვა, რომ ამას მიზანმიმართულად ახორციელებენ ისინი, ვისაც დედაქალაქის წინსვლისთვის ხელის შეშლა სურთ.

„აბა, ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებლებს, მოსწონთ თუ არა ეს ნაგვის კონტეინერები. თქვენი აზრით, ერჩივნათ ვირთხები, სუნი და თაგვები? არ მოგცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. სიცრუის ტირაჟირების უფლებას არ მოგცემთ, მაგრამ ალბათ ერთი მხრივ კარგია, ყველა ხედავს, ვინ ვინ არის“, - აღნიშნა კალაძემ.