მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასე თუ გაგრძელდა, BUS LANE ყველანაირი გამონაკლისის ზოლი გახდება - ექსპერტი

644940b31d8f9
ანუკა ჯოხაძე
27.04.23 10:30
855
1 ივნისიდან A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელ 3500 მძღოლს საავტობუსე ზოლში გადაადგილების უფლება ექნება. ცვლილებები თბილისის მერიამ გუშინ დააანონსა. თბილისის მერი ამბობს, რომ ავტობუსის ზოლებში მოძრაობას მხოლოდ ის თეთრი ტაქსები შეძლებენ, რომელთა ავტომობილი 2013 ან შემდეგ წლებშია გამოშვებული.

საავტობუსე ზოლებში ტაქსის მძღოლების დაშვებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ინიციატივას სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აკრიტიკებენ. ელენე ხუნდაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერიის სატრანსპორტო რეფორმას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, საავტობუსე ზოლებში ტაქსის მძღოლების გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს, ტრანსპორტი დაგეგმილ ბრუნებს ვერ შეასრულებს, რაც ავტობუსების გადატვირთვას გამოიწვევს.

“თბილისში მოქმედი სატრანსპორტო სისტემის მიხედვით, ავტობუსის ზოლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკრეტულ მონაკვეთებში ძალიან ხშირად დადის. დღეს ასეა მაგალითად ჭავჭავაძესა და მთავარ არტერიულ ქუჩებზე. თუმცა ეს რეფორმა არ დასრულებულა და 200 ერთეული ავტობუსი რომ შემოვა, არის მონაკვეთები, სადაც ავტობუსი 40-50 წმ-ში ერთხელ უნდა მოვიდეს და წავიდეს.

ყოველ გაჩერებაზე, შუქნიშანზე და დატვირთულ მონაკვეთზე, სადაც ტაქსები ხშირად მოძრაობენ, თუ პატარ-პატარა შეფერხებები იქნება, მაგალითად 10წმ ან 20 წმ, ავტობუსის საერთო წრე ბრუნზე უშველებელ ეფექტს იქონიებს", - ამბობს ელენე ხუნდაძე.

ხუნდაძეს არც მიზეზი ესმის, თუ რატომ მიიღო თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება და ამბობს, რომ ის ყველანაირ ლოგიკას სცდება.

“ტაქსის მომხმარებელს თუ კონკრეტულ ადგილზე უნდა ჩამოსვლა, მგზავრს მანქანაში რომ ზის და მეგობარს რომ მიჰყავს, იმას რატომ აქვს ნაკლები პრიორიტეტი? მაგალითად, შშმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური საშვი, იმათ ფიზიკურად შეიძლება უფრო სჭირდებოდეთ. ეს შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ და მივიღოთ ის, რომ ავტობუსის ზოლი გახდეს ყველანაირი გამონაკლისის ზოლი.

ძალიან არალოგიკური და საფრთხის შემცველია ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო კალაძემ, რომელიც ამ მტკივნეული რეფორმის მთავარი გამტანი არის და მისი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. კალაძემ თუ ეს დათმო, სულ ორი წელია დარჩენილი, ეს რეფორმა გრძელვადიანია, შემდეგ წლებში რა მოხდება?”, - აცხადებს ელენე ხუნდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები