მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორმა ბიუჯეტიდან სესხის სახით აღებული 2 მლნ ლარი არ დააბრუნა - აუდიტის სამსახური

61a1f33607b23
ელენე გოგბერაშვილი
27.11.21 21:11
3946

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია მათ შორის სააგენტოს მხრიდან ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზეც.

აუდიტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის წესით გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებით, ინვესტორს პირობით შეუმცირა პირგასამტეხლო იმ გარემოების მიუხედავად, რომ ვალდებულებები იყო შეუსრულებელი.

საუბარია "ჰუალინგზე", რომელმაც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა იყიდა. ინვესტორმა კომპანიამ 4 210 კვ. მეტრ ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის პირობით, აუქციონის გზით, 9,4 მლნ დოლარად შეიძინა. ინვესტორს საინვესტიციო ვალდებულება 2019 წლის იანვრისთვის უნდა უზრუნველყო.

ამასთანავე იმის გამო, რომ საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობა არ იყო განსაზღვრული, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუძლებელი გახდა საბანკო გარანტიის მოთხოვნა. შესაბამისად, ინვესტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს დარიცხული პირგასამტეხლოს ამოღების მიზნით, შესაძლოა დაუდგეს სასამართლო დავის წარმოების საჭიროება, რაც პირგასამტეხლოს ამოღების პროცესს დროში გაახანგრძლივებს.

"ერთ შემთხვევაში ინვესტორთან მიმართებით საინვესტიციო ვალდებულების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად (2,000,000 ლარიდან გაიზარდა 20,000,000 ლარამდე), საბანკო გარანტიის ოდენობა არ შეცვლილა, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას"- ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახური საუბრობს შპს "სომგოს კომპანიაზე", რომელსაც სიღნაღში ტურისტულ-დასასვენებელი კომპლექსი უნდა მოეწყო. ამ კომპანიას მილიონ ლარამდე შეფასებული 35 000 კვ.მეტრი ფართი და 3 169 კვადრატულ მეტრზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცეს.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს კიდევ ერთი ფაქტი. კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის ინვესტორის მიერ სასტუმროს, ღია აუზების და ნავმისადგომების მშენებლობისა და ექსპლოატაციის დაწყების ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შენობაზე არც სამშენებლო ნებართვის გაცემა დასტურდება და არც ექსპლოატაციაშია მიღებული, სასტუმრო ფაქტობრივად ფუნქციონირებს. აღსანიშნავია რომ, ინვესტორს სახელმწიფოსთვის არ დაუბრუნებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის სახით გაცემული 2,000,000 ლარი და მისგან მისაღები საპროცენტო სარგებელი.
 
ამ შემთხვევაში ინვესტორ კომპანიას წარმოადგენს შპს სანი, რომელსაც სოფელ ანაკლიაში სასტუმრო, ღია აუზები და ნავმისადგომი უნდა მოეწყო. 

"2011 წლის 10 თებერვალს, შპს „სანიმ“ სააგენტოს წარუდგინა ფოტომასალა ღია აუზებისა და ნავმისადგომის მოწყობის ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო 2011 წლის 8 სექტემბერს ფოტომასალა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით.

სააგენტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაადგინა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა ნაკისრ ვალდებულებებთან და დამატებით მოითხოვა აუდიტის დასკვნა. ინვესტორმა წარადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, თუმცა ვალდებულებების შესრულების დადასტურება სააგენტომ ვერც აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შეძლო, რადგან ვერ დადგინდა სასტუმროს ადგილების რაოდენობა და ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში.

დასკვნის წარმოდგენაზე სააგენტომ ინვესტორს განმეორებით მიმართა 2013 წლის 1 თებერვალს, მაგრამ შესაბამისი პასუხი აღარ მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 1 იანვიანვრის მდგომარეობით შენობაზე არც სამშენებლო ნებართვის გაცემა დასტურდება და არც ექსპლოატაციაშია მიღებული, სასტუმრო ფაქტობრივად მაინც ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, შპს „სანის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე,296 რის მიხედვითაც კომპანიის მეურვედ დაინიშნა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო. ამ პერიოდისთვის297 ინვესტორისთვის სააგენტოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენდა 5,889,800 ლარს. სააგენტომ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, თუმცა ამ საკითხზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით 2020 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობითაც შპს „სანიზე“ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N1568 განკარგულებით, სოფელ ანაკლიაში სასტუმროსა და იახტკლუბის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო 2,000,000 ლარი − შპს „სანისთვის“ სესხის გასაცემად. გაცემულ სესხზე იპოთეკარია ეკონომიკის სამინისტრო და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სანი“ ირიცხებოდა სამინისტროს დებიტორად"-წერს აუდიტი.