მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის მასალის რეალიზებით დაკავებული კომპანიები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

ეროვნული სატყეო სააგენტო
12.04.24 00:40
1077

ხის მასალის რეალიზებით დაკავებული 50-მდე კომპანია ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მათი ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ინდივიდუალურად ყველა კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების აქტი გამოსცეს და საგადასახადო მოთხოვნა მათ გაეგზავნოთ. უფრო კონკრეტულად კი, თუ მიმწოდებელმა კომპანიებმა ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადეს, ისინი „შესაძლოა დაისაჯონ დარიცხვის გზით“, რასაც დღეს საგადასახადო კანონმდებლობა, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულის განხორციელებას არ ითვალისწინებს.

იურისტმა გოდერძი არქანიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ კომპანიები საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

„2023 წლის 12 დეკემბერს აუდიტის სამსახურმა 50-მდე კომპანიაში დანიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რასაც მათივე მოთხოვნით მოჰყვა ინვენტარიზაციის განხორციელება. შემოწმების ჩატარების წინააღმდეგი არავინ არ არის. წინასწარი მონაცემებით, გვქონდა მოლოდინი, რომ რამდენიმე კომპანიაზე დადებული ჰქონდათ დასკვნები შემოწმების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ აუდიტორებმა ხელმძღვანელებისგან მიიღეს დავალება, რომ იმ კომპანიებისგან, რომლებიც გამყიდველი კომპანიების მომწოდებლები არიან, ასევე გააჩნიათ დავალიანებები, ამოიღონ, გააუქმონ ჩათვლები, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, როცა 2023 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, ერთ-ერთ მეწარმეს გაუუქმეს კომპანიისგან მიღებული 39 730 ლარის დღგ-ს ჩათვლა. ეს ჩვენ გავასაჩივრეთ დავების განხილვის საბჭოში და უწყების გადაწყვეტილებით, ეს არასწორი იყო“, - განაცხადა იურისტმა.

მისი თქმით, ეს არის პრეცედენტი, რაც ცნობილია აუდიტის დეპარტამენტისთვის და აპირებენ, რომ იგივე სქემით გააგრძელონ და „დასაჯონ“ მიმღები კომპანიები. არქანიას თქმით, ამჟამად საუბარია 50-მდე კომპანიაზე.

როგორც იურისტი აცხადებს, რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი უკვე დაიბარეს აუდიტის სამსახურში და უთხრეს, რომ საუბარია 400 ათას ლარიან ჯარიმაზე.

„თუ ამ გზით წავიდნენ, დარიცხულმა თანხამ ზოგიერთ კომპანიაში შეიძლება ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს, რაც ამ კომპანიების საქმიანობის დროებით შეჩერებას და დავების დაწყებას გამოიწვევს. სასამართლოში საქმეების განხილვა წლობით გრძელდება“, - თქვა იურისტმა.

მისი ინფორმაციით, გადამხდელებმა მიმართეს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს შეხვედრა მათ შორის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან და ცივილურად განიხილონ ეს საკითხი.

კითხვაზე, რატომ არ მიდიან კომპანიები კვლავ დავების საბჭოში საქმეების შეტანის გზით, იურისტი პასუხობს, რომ კომპანიები ცდილობენ თავიდან აიცილონ დავალიანების დარიცხვები, მით უმეტეს, რომ დარიცხვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კომპანიები ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრას 15 აპრილს ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები