მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის რჩება ავტონომიურ რესპუბლიკაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი - აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა

64c3e3aaab3a9
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.23 20:00
1113
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება. მაგალითად, 2023 წელს აჭარის ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადიდან 420 მილიონი ლარის მობილიზებაზე არის დაგეგმილი. თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა ამ გადასახადის მობილიზებაში ბიზნესს კითხვის ნიშნები აქვს, ამასთან საბიუჯეტო კოდექსით მკაფიოდ არ არის განმარტებული თუ ზუსტად რომელი დასაქმებულების საშემოსავლო გადასახადი უნდა მიიმართოს ავტონომიურ რესპუბლიკებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოკითხა 54 კომპანია, რომლებიც მათ შორის აჭარის ტერიტორიაზეც ოპერირებენ. სამსახურმა მათ მიმართა კითხვით როგორ ახდენენ იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდას, რომელიც აჭარაში დასაქმებული პირების და აჭარაში შესრულებული ოპერაციებს უკავშირდება.

“აუდიტის ჯგუფის მიერ შეირჩა 54 ისეთი ორგანიზაცია, რომელთაც აქვთ ფილიალები, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ისე სახელმწიფოს სხვა ტერიტორიაზე.

აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა წერილით მიმართა შერჩეულ გადასახადის გადამხდელებს შეკითხვით: აუდიტორებისთვის ეცნობებინათ თავიანთი მოსაზრება, როგორ ჰქონდათაღქმული საბიუჯეტო კოდექსში ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილების დანართში არსებულ ჩანაწერი, რომელიც ეხება „ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების საშემოსავლო გადასახადს“; ასევე: რა პრინციპით ახდენდნენ კომპანიები რესპუბლიკურ ბიუჯეტებზე მისაკუთვნებელი თანხის გაანგარიშებას.

გადასახადის გადამხდელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ არარსებობს ერთგვაროვანი მიდგომა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას. კომპანიებისაგან მიღებული პასუხების თანახმად, გამოიკვეთა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების 3 განსხვავებული მიდგომა.

გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის სწორად განაწილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები.

საბიუჯეტო კოდექსის ჩანაწერი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და საკითხი არც ფინანსთა მინისტრის ბრძანებითაა განმარტებული. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა გადასახადის გადამხდელებს აძლევს ინტერპრეტირების საშუალებას.

გადასახადის გადამხდელების მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას გამოიყენება არაერთგვაროვანი მიდგომები. არ არსებობს აღნიშნული გადასახადის სწორად განაწილების კონტროლის მექანიზმები,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები