მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგებაში გადახდილი $10 მლნ და დღემდე დაუსრულებელი საცურაო აუზი ბათუმში - აუდიტის დასკვნა

64340ff74afd7
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.23 17:49
1232
აჭარის მთავრობამ ბათუმში ახალი საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის ასაშენებლად, 2018 წლის თებერვალში $20 მილიონის კონტრაქტი გააფორმა კანადურ კომპანია Westincor limited-თან. შესყიდვა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით წარიმართა. ახალი საცურაო აუზი და ყინულის მოედანი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე უნდა აშენებულიყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ქართულ სტანდარტებთან შეუსაბამო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარადგინა, ამასთან შესრულებულ სამუშაოთა დადასტურება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც 2020 წლის 1 აპრილს კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ Westincor limited-მა დავა დაიწყო, რაც შემდგომ მორიგებით დასრულდა.

“2021 წლის 29 დეკემბერს Westincor Limited-თან გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შემსყიდველები იღებენ ვალდებულებას, მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადონ 10,016,007 აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს:

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის სახით გამოთხოვილ თანხას − 999,730 აშშ დოლარს და მასზე დარიცხულ პროცენტის თანხას − 40,843 აშშ დოლარს, სულ − 1,040,573 აშშ დოლარს;

Westincor Limited-ის მიერ ადგილობრივი საპროექტო, საინჟინრო და გეოტექნიკური სამუშაოების ღირებულების სახით გადახდილ თანხას − 309,050 აშშ დოლარს;

აპარატურის ხარჯს − 265,412 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც შეძენილ იქნა აღნიშნული პროექტისათვის;

უკვე შესრულებული სამუშაოების საბაზრო ღირებულების ანაზღაურებას, ჯამში − 8,400,972 აშშ დოლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ პროექტისათვის შეძენილი აპარატურა აუდიტის პერიოდისათვის მოწოდებული არ იყო, თუმცა მისი ღირებულება შედის მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხაში. კომპანიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდება მოწოდებული აპარატურის ვარგისიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით. აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით მორიგების აქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, Westincor Limited-ზე გადახდილია 5,784,162 აშშ დოლარი,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ყინულის მოედნისა და აუზის მშენებლობის პროექტი ამ დრომდე არ დასრულებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები