მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუძვირდა საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება?

დოლარი ევრო

საქართველოსთვის საგარეო ვალის მომსახურება გაუძვირდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. 2024 წელს ამ მიმართულებით სულ 4.8 მილიარდი ლარის გადახდა არის დაგეგმილი, რაც წინა წელთან შედარებით 819 მილიონი ლარით მეტია. აქედან უშუალოდ საგარეო ვალებზე 2.1 მილიარდი ლარის გადახდაა დაგეგმილი, საიდანაც 1.37 მილიარდი სესხის ძირი, 750 მილიონი კი პროცენტი იქნება (ზრდა 42%).

ვალის მომსახურების გაძვირება გლობალურ კაპიტალის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მატებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ორ კატეგორიად იყოფა.

საქართველოს საგარეო ვალების 51%-ს წინასწარვე აქვს საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირებული, ხოლო 49% ცვლად განაკვეთიანია და ის ევროპის საბაზრო განაკვეთებზე, LIBOR-სა, EURIBOR-ზე არის მიბმული. მაშინ, როდესაც ეს საბაზრო განაკვეთები იზრდება, ვალის მომსახურების საფასურიც ძვირდება.

თუკი 2020-2021 წლებში ცვლადი ეს განაკვეთი ფაქტობრივად 0%-ის ტოლი იყო, ამჟამად ის საშუალოდ 3.2%-ს შეადგენს.

“2022 წლიდან გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირობებში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 3.2%-ს შეადგენს და ბოლო ათ წლიანი პერიოდის ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ძირითადად განაპირობა მთავრობის საგარეო ვალის პორტფელში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილის ზრდამ (ასეთი სესხების წილი 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 49%-ია). აღნიშნული ტიპის სესხები მნიშვნელოვანი სენსიტიურობით ხასიათდებიან გლობალური მონეტარული პოლიტიკის მიმართ”, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური მიუთითებს იმაზე, რომ ცვლად განაკვეთიანი ვალების მომსახურების გაძვირების გამო, წინასწარ პროგნოზირებულთან შედარებით 108 მილიონი დოლარით არის მომატებული სესხების პროცენტის მომსახურების საფასური და ის 173 მილიონი დოლარის ნაცვლად, 281 მილიონ დოლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 22.5 მილიარდ ლარს შეადგენს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი საქართველოს საერთაშორისო დონორების - მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აზიის განვითარების ბანკის, EIB-ის, გერმანიის საერთაშორისო განვითარების ბანკის, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების ბანკის, EBRD-ისა და სხვა დონორების მიმართ მართებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები