მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს

ბიუჯეტი

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სებ-ის დასკვნა წარადგინა. დასკვნის თანახმად, ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის პოლიტიკას ფისკალური სტიმულებისა და საბიუჯეტო დეფიციტის დონის შემცირებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, დასკვნაში ნათქვამია რომ სახელმწიფო დეფიციტის დამფინანსებისთვის წლიდან წლამდე უფრო მეტ აქცენტს აკეთებს შიდა ვალზე, რითიც მცირდება საგარეო ვალზე დამოკიდებულება, რაც თავისმხრივ სავალუტო შოკის მიმართ ბიუჯეტის მოწყვლადობას ამცირებს. 

ეროვნული ბანკის დასკვნა 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით:

“საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის ბიუჯეტის მოსალოდნელ დონესთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1,882.0 მილიონი ლარით იზრდება და 23,522.0 მილიონი ლარით (მშპ-ის 27.6%) განისაზღვრება. შემოსავლების ზრდა განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების ზრდით.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხარჯებმაც 1,944.0 მლნ ლარით მოიმატა და 19,785.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 23.2%) შეადგინა. ხარჯების ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯები (ხარჯების ცვლილების 35.5 პროცენტი), შრომის ანაზღაურების ზრდა (ხარჯების ცვლილების 18.5 პროცენტი), საპროცენტო ხარჯები (ხარჯების ცვლილების 17.4 პროცენტი), სხვა ხარჯები (ხარჯების ცვლილების 12.1 პროცენტი), სუბსიდიების გაცემა (ხარჯების ცვლილების 9.3 პროცენტი), საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (ხარჯების ცვლილების 6.4 პროცენტი) და გრანტები (ხარჯების ცვლილების 0.8 პროცენტი). რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს (არაფინანსური აქტივების ზრდა), მისი დონე 2024 წელს, 205 მილიონი ლარით იკლებს. ამის გამო, 205 მილიონი ლარით იკლებს არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდაც და მისი მნიშვნელობა 5,924 მილიონ ლარს შეადგენს (მშპ-ის 6.9%).

2024 წლის დაგეგმილი მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 2023 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 28.0 მილიონი ლარით უმჯობესდება და 2,172.0 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) ფისკალური დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელიც 2.8-დან, დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტით იკლებს და მშპ-ის საპროგნოზო ოდენობის 2.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული 0.3 პროცენტული პუნქტიანი ცვლილების მდგენელებია (იხილეთ დიაგრამა 1) შემოსავლების ზრდა (+2.2 პროცენტული პუნქტი), არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა (+0.3 პროცენტული პუნქტი), ნომინალური მშპ-ს ზრდა (+0.1 პროცენტული პუნქტი), ხარჯების ზრდა (-2.3 პროცენტული პუნქტი). 

საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ფისკალური სტიმულის შემცირებას. ხაზგასასმელია, რომ, ძლიერი ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური სტიმულის საჭიროება აღარ არის და ფასების სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია შეუფერხებლად გაგრძელდეს. ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წელს მდგრად დონეზე (3 პროცენტი ან ნაკლები) ნარჩუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - ეკონომიკური აქტივობა აჭარბებს მის პოტენციურ დონეს. 2024 წელს კი ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია. 

ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო, ვალდებულებები, შემცირებით ხასიათდება. კერძოდ, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია ვალდებულების წმინდა ზრდის 2,008 მილიონ ლარიანი დონე (მშპ-ის 2.4 პროცენტი), რაც 2023 წლის მოსალოდნელ სიდიდესთან შედარებით, 92.0 მილიონი ლარით ნაკლებია. ამ შემცირებას საგარეო ვალის 192 მილიონი ლარით კლება განაპირობებს, საშინაო ვალდებულებები კი, პირიქით, 100 მილიონი ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 1.0 პროცენტული პუნქტით იზრდება მთავრობის საშინაო ვალის წვლილი (მთავრობის ვალის 11.7 პროცენტი), ხოლო საგარეო ვალის წვლილი მთლიანი ვალის მოცულობაში 1.1 პროცენტული პუნქტით, 26.6 პროცენტამდე მცირდება. მთავრობის ვალის დაბალი დონე ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ აქვს,”- ნათქვამია სებ-ის დასკვნაში.

თუმცა, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ბურკიაშვილი ამ დასკვნის წარდგენისთვის არაუფლებამოსილი პირია, რადგანაც აღმასრულებელი დირექტორი ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხებს ხელმძღვანელობს, ხოლო ბიუჯეტის შესახებ დასკვნის პარლამენტში წარდგენა კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტების ფუნქციას წარმოადგენს. მას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ უპასუხა, რომლის თქმითაც ამჟამად სებ-ს ვიცე-პრეზიდენტები სამწუხაროდ აღარ ჰყავს. 

რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს წარმოადგენს სებ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. თქვენ არ ხართ წარმომადგენლობითი პირი. გასულ წელსაც იყავით კომიტეტზე როდესაც გადაწყდა, რომ შემდეგ წელს უნდა მოსულიყო ვიცე-პრეზიდენტი ან პრეზიდენტი. სებ-ის კანონის მიხედვით, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი ისაუბროთ ეროვნული ბანკის საკითხებზე. 

პაატა კვიჟინაძე: ბატონო რომან თქვენ სწორი ბრძანდებით, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი არ გვყავს. მოდიოდნენ ხოლმე, ბატონი არჩილ მესტვირიშვილი მოდიოდა. 

რომან გოცირიძე: პირველი ვიცე-პრეზიდენტი გვყავს ნათია თურნავა. 

პაატა კვიჟინაძე: ქალბატონი ნათია სესიის სხდომაზე აუცილებლად მობრძანდება. 

რომან გოცირიძე: ეს არის კანონის დარღვევა, წინა მოწვევის პარლამენტში ეს საკითხი იხილებოდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სებ-ს წარმოადგენს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. 

თავად 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია. სებ-ი აღნიშნავს, რომ ისინი ფისკალური სტიმულებისა და საბიუჯეტო დეფიციტის დონის შემცირებას მიესალმებიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები